25 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
არასათანადო მოპყრობა ცხოველის მიმართ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მათი გასეირნების წესების არდაცვა ან ქუჩაში გაგდება - კანონპროექტი შინაურ ცხოველებზე

შინაური ცხოველების შესახებ კანონპროექტის მიზნები, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს პოლიტიკოსებს, სპეციალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. 2 საათნახევრიანი დისკუსიის ფარგლებში, ყველაზე მეტი შეკითხვა შინაური ცხოველების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეყვანის აკრძალვასთან, ევთანაზიისა და მრავალბინიან კორპუსებში, ძაღლებისა და კატების რაოდენობის შეზღუდვასთან დაკავშირებით დაისვა.

ახალი რეგულაციების მიხედვით, 2025 წლის 1-ლი ივლისიდან მრავალბინიან კორპუსებში 3-ზე მეტი ძაღლის ან კატის ყოლა მხოლოდ მეზობლების თანხმობის შემთხვევაში იქნება დასაშვები. ეს ერთ-ერთი პუნქტია, რომლის კორექტირებასაც ცხოველთა დამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ. ამბობენ, რომ რაოდენობა 5-მდე უნდა გაიზარდოს. ცვლილებები ეხება ვეტერინარულ კლინიკებსაც. ცხოველებს ვეღარ ჩაუტარებენ ისეთ ოპერაციებს, რომლებიც საჭირო არ არის და არც სამედიცინო დანიშნულება აქვს. სპეციალისტებს, ამ პუნქტთან დაკავშირებით, პრეტენზიები არ აქვთ.

კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება ერთიანი ბაზა, სადაც ყველა შინაური ცხოველი, მათ შორის მიუსაფარი ძაღლები და კატები დარეგისტრირდება. ცვლილებების მიხედვით, სავალდებულო ხდება ძაღლების ალიკაპითა და საბელით ტარება. დარღვევებზე რეაგირებას კი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოახდენს.

კანონპროექტის განხილვები პარლამენტში თვის ბოლოს დაიწყება. დეპუტატების ნაწილი, რომელიც პროექტის პრეზენტაციასაც დაესწრო, გრძელვადიანი რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პროექტი მიუსაფარი ცხოველების პრობლემებს ვერ დაარეგულირებს.

დოკუმენტის პრეზენტაციას საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის დეპუტატები ესწრებოდნენ. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ცვლილებებით როგორც მიუსაფარ ცხოველთა, ასევე მეპატრონეების უფლებები და ვალდებულებები დარეგულირდება.

პარლამენტი კანონის მიღებას საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს, ცვლილებები კი ძალაში ეტაპობრივად შევა. ნაწილი 1-ლი ივლისიდან, ნაწილი კი 2025 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება - როცა ერთიან ბაზაში შინაური ცხოველების აღრიცხვა დასრულდება.

დღის ამბები