25 ნოემბერი 2024,   17:15
ვრცლად
შავი პიარი "ლელოს" შემქმნელებისგან და რევანშის მცდელობა მუქარის კამპანიით - მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილია

"ლელოს" რომ წარმოსახვით სამიზნეში, ბიძინა ივანიშვილი ჰყავს ამოღებული, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს არ უკვირს. ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი სტატუსით გამართულ პირველ ბრიფინგზე, ხაზარაძე-ჯაფარიძის საარჩევნო კამპანიაზეც ისაუბრა. ღარიბაშვილი, დაანონსებულ რეპრესიებს ყოფილი ბანკირების წარსულს უკავშირებს. ამბობს, რომ ხაზარაძის პარტია, "ნაციონალური მოძრაობის" იდეური დანამატია - აგრესიული საარჩევნო კამპანია კი, იმის დასტური, რომ მათი რეალური სურვილი რევანშიზმს უკავშირდება. პარტიის თავმჯდომარის პოზიცია, დღეს, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმაც გაიზიარა.

როგორ უნდა აღმოჩნდეს ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში? - ამ კითხვაზე პასუხი, "ლელოსთვის" პროკურატურამდე მიდის. პარტიის დამფუძნებელმა "ღამის კურიერში" თქვა, რომ მათი წინასაარჩევნო დაპირების აღსრულება, სამართალდამცველი სტრუქტურების საქმეა.

"ლელოს" მიერ ჩართული წამმზომი და "ქართული ოცნების" დამფუძნებლის სახეზე გასწორებული სამიზნე არც ოპოზიციის ნაწილს მოსწონს. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი, ხაზარაძე-ჯაფარიძის პიარ სტრატეგიას არასერიოზულს, ნაწილი კი ოპოზიციური სპექტრისთვის დამაზიანებელს უწოდებს.

"ლელოს" ამბიცია და შესაძლებლობები რომ თანხვედრაში არ მოდის, ამაში დარწმუნებულია საპარლამენტო უმრავლესობაც. სახელისუფლებო გუნდიდან, ოპონენტებს სასამართლოს მიერ თაღლითობის მუხლით გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენიც შეახსენეს. თქვეს, რომ "ლელოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა იდეურ დანამატებს არჩევნებზე ბარიერის გადალახვის მინიმალური შანსი ექნებათ.

საპარლამენტო არჩევნებამდე 9 თვით ადრე, პარტია "ლელომ" აქტიური საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. რეტრო "ფორდ მუსტანგით" რეგიონებში მოგზაურობასთან ერთად, მამუკა ხაზარაძე ამომრჩეველს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის მოსკოვში გადასახლებასაც ჰპირდება.

დღის ამბები