25 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს, ტოივო კლაარს შეხვდა. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება და უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში წარმოქმნილ ურთულეს გამოწვევებს და მათი შესაძლო ზეგავლენის პერსპექტივებს როგორც გლობალური, ასევე რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს. ხაზგასმით აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩართულობის კუთხით გაწეული ძალისხმევა. ასევე, აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) განსაკუთრებული როლი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სტაბილურობის უზრუნველყოფის კონტექსტში. ყურადღება გამახვილდა, მანდატის თანახმად, მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუზღუდავი წვდომის გადაუდებელ საჭიროებაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მოლაპარაკებების არსებული ფორმატების, კერძოდ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები