მეპატრონეები შინაური ცხოველების შესახებ, პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტზე საუბრობენ. ახალი რეგულაციების მიხედვით, 2025 წლის 1 ივლისიდან მრავალბინიან კორპუსებში 3-ზე მეტი ძაღლის, ან კატის ყოლა, მხოლოდ, მეზობლების თანხმობის შემთხვევაში იქნება დასაშვები. ცვლილებები ეხება მათაც, ვისაც მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლი ჰყავთ. მათ შორისაა - პიტბული, დობერმანი, ან გერმანული ნაგაზი. ასეთი ძაღლების ქუჩაში გამოყვანის უფლება 18 წელს გადაცილებულ ადამიანებს ექნებათ, მხოლოდ ალიკაპითა და საბლით. მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლების ყოლა ნებადართული იქნება იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონეს კინოლოგების სერტიფიკატი, ნასამართლობისა და ნარკოლოგიური ცნობა ექნება. კანონით აიკრძალება ცხოველის შეყვანა ბაღში, სკოლაში, სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში, საავადმყოფოში, ბავშვთა გასართობ და სპორტულ მოედნებზე. ყველა დარღვევის, მათ შორის შინაური ცხოველის მიტოვების შემთხვევაში მეპატრონე დაჯარიმდება.
„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის ინიციატორი, გარემოს დაცვის კომიტეტია. უმრავლესობის დეპუტატებმა პროექტი პარლამენტში გასული წლის 27 დეკემბერს დაარეგისტრირეს. ცვლილებების მიხედვით, შეიქმნება ერთიანი ბაზა, სადაც ყველა შინაური ცხოველი, მათ შორის მიუსაფარი ძაღლები და კატები დარეგისტრირდება.
ცვლილებები ეხება ვეტერინარულ კლინიკებსაც. ცხოველებს ვეღარ ჩაუტარებენ ისეთ ოპერაციებს, რომელიც საჭირო არ არის და არც სამედიცინო დანიშნულება აქვს. საუბარია, მათ შორის, ყურებისა და კუდის დაჭრაზე, სმენის დაქვეითებასა და ხმის იოგების გადაჭრაზე.
კანონპროექტში თავშესაფრებისთვის კონკრეტული კრიტერიუმებია დაწესებული. ვოლიერში უნდა იყოს შესაბამისი განათება და ტემპერატურა. ძაღლების გამრავლების უფლება კი მხოლოდ შესაბამისი ავტორიზაციის თავშესაფრებს ექნებათ. მეპატრონის სურვილის შემთხვევაში კი თავშესაფარს ცხოველის ჯანმრთელობის ცნობა და კინოლოგების დასკვნა უნდა წარუდგინოს.
კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები პარლამენტში 26 თებერვლიდან დაიწყება. მანამდე კი კანონმდებლები სამუშაო შეხვედრებს გამართავენ. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ცვლილებები ცხოველთა დაცულობას უზრუნველყოფს და უკონტროლობას დაასრულებს. საკუთარი შენიშვნები აქვთ ოპოზიციაში და კანონპროექტი მათთვის მხოლოდ ნაწილობრივ მისაღებია.
პარლამენტი კანონის მიღებას საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს. ცვლილებები კი ძალაში ეტაპობრივად შევა. ნაწილი 1 ივნისიდან, ნაწილი კი 2025 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება,როცა ერთიან ბაზაში შინაური ცხოველების აღრიცხვა დასრულდება.