25 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
როგორ უნდა განიტვირთოს გმირთა მოედანი ისე, რომ პიკის საათში "ლაგუნა ვერესთან" საცობი არ იყოს - მერია ახალი საგზაო კვანძის მშენებლობას იწყებს

გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით, დღის განმავლობაში ასობით ავტომობილი გადაადგილდება. "კურიერთან" ინტერვიუში მძღოლები ამბობენ, რომ "ლაგუნა ვერესთან" მონაკვეთი პიკის საათებში უფრო მეტად დატვირთულია. ტერიტორიაზე ახალი, დამატებითი საგზაო ზოლის მოწყობა კი ტრანსპორტის მოძრაობას განტვირთავს.

გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩამოსასვლელი ავტოსატრანსპორტო კვანძის მშენებლობა დღეს თბილისის მერმა დააანონსა. კახა კალაძემ პროექტის დეტალები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა. დამატებითი საგზაო ზოლები "ლაგუნა ვარეს" მხარეს მოწყობა. იმ ტერიტორიაზე არსებულ სამ ბენზინგასამართ სადგურს კი თბილისში, სხვადასხვა ადგილებზე გადაიტანენ.

ტერიტორიის ადგილმონაცვლეობის შესახებ მოლაპარაკებები, ბიზნესსექტორთან უკვე გაიმართა. "გალფს", "ლუკოილსა" და "ვისოლს" ალტერნატიული მიწის ნაკვეთები ლისის ტბის მიმდებარედ და გლდანის რაიონში შესთავაზეს. თბილისის მერიაში ამბობენ, რომ კომპანიებთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. მუნიციპალიტეტი მესაკუთრეებს ქონების ჩანაცვლებისთვის 7 მლ ლარს გადაუხდის. ტერიტორიიდან ბენზინგასამართი სადგურების გადატანას დაახლოებით 3 თვე დაჭირდება. ახალ პროექტთან და დემონტაჟთან დაკავშირებით თბილისი მერია საკრებულოსაც მიმართავს .

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო უკვე აქტიურად მუშაობს სატრანსპორტო კვანძის პროექტზე. დოკუმენტის შედგენის შემდეგ ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურს საგზაო სამუშაოების წარმოება დაევალება. მერიაში ვარაუდობენ, რომ გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩასასვლელი ავტოსატრანსპორტო კვანძის მშენებლობა 2024 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

დღის ამბები