25 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
საქართველოში სადამკვირვებლო მისიას ელოდებიან - მთავრობის ოფიციალური წერილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს უკვე გაეგზავნა

2024 წლის არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთ/ოდირის მისიას, საქართველოში უახლოეს მომავალში ელოდებიან. მთავრობის ოფიციალური წერილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს უკვე გაეგზავნა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ არჩევნების გამჭვირვალე, თავისუფალ, სამართლიან და ევროპული დემოკრატიის პრაქტიკის შესაბამისად ჩატარება, მათი მთავარი ამოცანაა და გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის მიზანიც სწორედ ესაა.

ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ სადამკვირვებლო მისიების ჩამოსვლის მოთხოვნით ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის უფრო ადრე უნდა მიემართა. ოპონენტები ამტკიცებენ რომ მთავრობა დროის გაჭიანურებას ცდილობდა.

რატომ გააგზავნა მთავრობამ მოთხოვნა ახლა და არა ადრე - მმართველ პარტიაში ამას კონკრეტული არგუმენტებით განმარტავენ. ამბობენ, რომ გრძელვადიანი მისიის მოწვევის ვადები დარღვეული არ არის და ევროკომისიის 9 დათქმის ფარგლებშიც ეუთო/ოდირისთვის მიმართვის თარიღად თებერვალია განსაზღვრული. ”ნაციონალური მოძრაობის" და მისი პოლიტიკური პარტნიორების კრიტიკაც ”ქართული ოცნებისთვის” უსაფუძვლოა.

მომავალი არჩევნების სამართლიან გარემოში ჩასატარებლად ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ქვეყანაში მეტი გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ჩამოყვანას ითხოვს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ , როგორც წინასაარჩევნო ასევე უშუალოდ არჩევნების დღეს აუცილებელია ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება მაქსიმალურად მობილიზებული იყოს.

სახელისუფლებო პარტიაში მზად არიან, საერთაშორისო ორგანიზაციებს საქმიანობის სრულფასოვნად და ამომწურავად შესრულებისთვის ყველა საჭირო პირობა შეუქმნან. ”ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ოქტომბრის არჩევნები ქვეყანაში მაღალი სტანდარტით ჩატარდება.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები რამდენიმე სიახლეს ითვალისწინებს და ის სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. ხმის მიცემა კი საარჩევნო უბნების უმრავლესობაში ელექტრონული სისტემით მოხდება.ადგილობრივ და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის ღიაა ცენტრალური საარჩევნო კომისია

არჩევნებამდე 8 თვეზე ცოტა მეტი დრო რჩება, ყველაზე გავლენიანი სადამკვირვებლო მისიისთვის მოწვევა უკვე გაგაზავნილია. ეუთო/ოდირს საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

დღის ამბები