25 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
როდის მიულოცა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას არჩევნებში გამარჯვება და დაირღვა თუ არა ეტიკეტი - "ოცნება" დოკუმენტის გასაჯაროებას ითხოვს

სახელისუფლებო გუნდი პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართავს, გაასაჯაროოს ილჰამ ალიევის მისალოცი დოკუმენტის გაგზავნის ოფიციალური თარიღი. მმართველ პარტიას აქვს ეჭვი, რომ 9 თებერვლის ნაცვლად, სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას გამარჯვება 12 თებერვალს მიულოცა, სწორედ მაშინ, როდესაც ილჰამ ალიევის ოფიციალურ გვერდზე ტექსტი გამოქვეყნდა. "ქართულ ოცნებაში" ვარაუდობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მილოცვის გადაწყვეტილება სახელისუფლებო გუნდის კრიტიკის შემდეგ მიიღო, ამ ფაქტის დამალვის მიზნით კი, ადმინისტრაციამ თარიღი გააყალბა.

სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში დღეს არაფერი თქვეს. გუშინ ამტკიცებდნენ, რომ პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ კოლეგას მილოცვა 9 თებერვალს გაუგზავნა, გამოაქვეყნეს დოკუმენტიც, თუმცა, პრესსამსახურს გაგზავნის დრო არ გაუსაჯაროებია.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე სალომე ზურაბიშვილის მილოცვა მხოლოდ გუშინ, 15:08 საათზე აიტვირთა, მაშინ, როდესაც ყველა ქვეყნის ლიდერის, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა გაგზავნიდან რამდენიმე საათში საიტზე იდო.

ჯერ კიდევ 10 თებერვალს "კურიერს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ პრეზიდენტი ცესკოს საბოლოო შედეგებს ელოდებოდა. თუკი 9 რიცხვში უკვე გაგზავნილი იყო მილოცვა, გაუგებარი რჩება რატომ არ თქვეს 10 რიცხვში, როდესაც მედია დაუკავშირდა, რომ ილჰამ ალიევისთვის ზურაბიშვილს მილოცვა უკვე გაგზავნილი ჰქონდა.

სახელისუფლებო გუნდში განმარტეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მსგავსი ქცევით დიპლომატიური ეტიკეტი დაარღვია და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, კვლავ პირადი დამოკიდებულება დააყენა. "ქართულმა ოცნებამ" დღეს პრეზიდენტს დოკუმენტის გასაჯაროება კიდევ ერთხელ მოსთხოვა.

სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ დღეს "კურიერის" ზარებს და შეტყობინებებს არ უპასუხა. ერთადერთი განცხადება, რომელიც პრეს-სამსახურმა შუადღისთვის გაავრცელა, პრეზიდენტის მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობას ეხებოდა. ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ ზურაბიშვილმა ოფიციალური მიწვევა მიიღო და ის მონაწილეობას კონფერენციაში 16-18 თებერვალს, კვლავ მთავრობის თანხმობის გარეშე გეგმავს.

დღის ამბები