25 ნოემბერი 2024,   16:56
ვრცლად
მთავრობის ყველა განკარგულება საჯარო გახდება - რომელი პრემიერის დროს შეწყდა სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე გამოქვეყნება

4 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ისევ საჯაროა - პორტალზე დღეიდან პრემიერ-მინისტრის განკარგულებებისა და ბრძანებების გამოქვეყნება დაიწყო. 12 თებერვლით თარიღდება საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების შესახებ განკარგულება, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. მხოლოდ ერთ დღეში, სხვადასხვა თარიღით, მთავრობის ვებგვერდზე 60-ზე მეტი ბრძანება გამოქვეყნდა.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ დოკუმენტების გასაჯაროება დაიწყო, გიორგი გახარიას გუნდი ხელისუფლებისგან ბოლო წლების განმავლობაში დაგროვებული ყველა განკარგულების დაუყოვნებლივ გამოქვეყნებას ითხოვს.

ექსპრემიერის პარტიის წევრები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სიცრუეში დაადანაშაულა და შეახსენა, რომ სამთავრობო დოკუმენტაციის საჯაროდ ატვირთვა სწორედ გიორგი გახარიას პრემიერობის დროს შეწყდა - მიზეზად მაშინ ვებგვერდის რეკონსტრუქცია დასახელდა. დღეს მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ განკარგულებების საიტზე ატვირთვა ყალბი საბაბით შეწყდა.

გიორგი გახარია მთავრობის მეთაური 2019 წლის 8 სექტემბერს გახდა. ირკვევა, რომ მისი გაპრემიერებიდან ზუსტად 1 წლის თავზე, პორტალი ჩაიკეტა და არა მთელი საიტის, არამედ მხოლოდ იმ კონკრეტული გვერდის რეკონსტრუქცია დაიწყო, სადაც ბრძანებები და განკარგულებები ქვეყნდებოდა. ბოლო განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე 2020 წლის სექტემბერში გასაჯაროვდა, მარტიდან დღემდე კი პორტალზე არც ბრძანებები და არც განკარგულებები აღარ ატვირთულა.

სწორედ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება დაასახელა ახალი მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ახალმა პრემიერმა. მთავრობის პირველივე სხდომის შემდეგ, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, მთავრობის ვებგვერდზე დოკუმენტების ატვირთვა დაიწყო.

დღის ამბები