25 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
ტრეფიკინგის საქმე - "კურიერმა" ტაილანდელი მსხვერპლი ქალების ჩვენებები მოიპოვა, სადაც ისინი სექსუალური ექსპლუატაციის შესახებ დეტალურად საუბრობენ

ბათუმში მასაჟის ცენტრში დასაქმების ნაცვლად, ტაილანდის სამი მოქალაქე ზესტაფონში სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი აღმოჩნდა.

ტაილანდის სამი მოქალაქე საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანეს, პასპორტები წაართვეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. მათ ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქეებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ. ამავე ქვეყნის მოქალაქეა თავად ბრალდებულიც. ლონგგუანგ ლი სამართალდამცველებმა ტრეფიკინგის ბრალდებით დააპატიმრეს.

ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა დანაშაულის ადგილიდან არაერთი მტკიცებულება ამოიღეს. 200-მდე პრეზერვატივი, ათობით მობილური ტელეფონი, დაზარალებულების სპეციალურ სამალავში მოთავსებული პასპორტები, კომპიუტერული ტექნიკა და ფული სხვადასხვა ვალუტაში. "კურიერმა" ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალების ჩვენებები მოიპოვა, სადაც ისინი სექსუალური ექსპლუატაციის შესახებ დეტალურად საუბრობენ.

დაკავებული დანაშაულს არ აღიარებდა, თუმცა სასამართლომ ის ტრეფიკინგის საქმეში ბრალდებულად ცნო. ლონგგუანგ ლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

სასამართლოს განაჩენით კმაყოფილია საქმის პროკურორი. ბრალდების მხარე "კურიერთან" იმ მტკიცებულებებს განმარტავს, რის საფუძველზეც ჩინეთის მოქალაქეს ზესტაფონის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

ტაილანდელი ქალების სექსუალურ ექსპლუატაციაში მსჯავრდებული ლონგგუანგ ლი ახლა სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განაჩენს არ ეთანხმება დაცვის მხარე და გასაჩივრებას მეორე ინსტანციაში გეგმავს.

დღის ამბები