25 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
"ლელოს" ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია და მათი წინასაარჩევნო გეგმა - კოლეგების ნაწილი ხაზარაძე-ჯაფარიძეს რეიტინგის გათვალისწინებით, ენმ-სთან დროულ გაერთიანებას ურჩევს

პარტია "ლელოში" პირობას დებენ, რომ ხელისუფლებაში მოვლენ. ამავდროულად, მისი ლიდერები აღიარებენ კვლევითი ორგანიზაციების მიერ დაწერილ რეიტინგებს, სადაც "ლელო" 3-დან 6-პროცენტამდე მერყეობს. სახელისუფლებო პარტიის ლიდერების აზრით, ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტია ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" იდეური დანამატია, რასაც, მათი მხრიდან "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის პროკურორების ხელით მოსკოვში გადასახლების დაპირებაც ცხადყოფს.

პარტიის დაპირებაზე, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვლენ - დღეს განმარტებები გაკეთდა "ლელოში". პოლიტიკოსებმა ვერ ახსნეს, როგორ ცვლიან მთავრობას "ნაცმოძრაობასთან" ალიანსის გარეშე. მათი თქმით, "ლელოს" ცვლილებებისთვის საკმარისი მხარდაჭერა ექნება.

კალკულაცია რომ ყოფილი ბანკირების პარტიის ძლიერი მხარე არაა, ამაზე დღეს ოპოზიციის ნაწილი ღიად საუბრობდა. კოლეგები ხაზარაძე-ჯაფარიძეს იმასაც კი ურჩევენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" დროულად გაერთიანდეს. კოალიციას საარჩევნო პერიოდში ოპოზიციიდან თავად "ნაცმოძრაობა" არავისთან გამორიცხავს.

"ლელოსა" და "ნაცმოძრაობას" 2024 წლის არჩევნებზე გამარჯვების შანსი არ აქვთ - ფიქრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძის ტანდემი ცრუ დაპირებებით ელექტორატის შეცდომაში შეყვანას მიზანმიმართულად ცდილობს.

ყოფილი ბანკირების პარტია "ფორდ მუსტანგით" დაწყებულ კამპანიას, მმართველი პარტიის დამფუძნებლის გადასახლების დაპირებით განაგრძობს და ირწმუნება, რომ ხელისუფლებას 6 პროცენტთან მიახლოებული რეიტინგით შეცვლის - რაც ყველა ბოლო კვლევით პარტიის მაქსიმუმია.

დღის ამბები