25 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
ნიკა გვარამია ახალი პარტიას ქმნის - შეძლებს თუ არა სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი პროკურორი ენმ-დან დისტანცირებას და ვინ შეუერთდება მას

კიდევ ერთი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც არჩევნებისთვის ემზადება, თუმცა ჯერ პარტია უნდა შექმნას - ნიკა გვარამიას, რომელიც პარტიას ყოფილ "ნაციონალებთან" ერთად ქმნის, "ნაციონალურ მოძრაობასთან" დისტანცირების ამოცანა აქვს.

ოპოზიციის გეგმის მიღმა, მმართველი პარტია მიზანმიმართულ კამპანიას ხედავს. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ პოლიტიკური ძალების უმრავლესობა, ვინც საზოგადოების განწყობაზე გავლენის მოხდენას ცდილობს და საკუთარ თავს დამოუკიდებელ მოთამაშედ სთავაზობს, რეალურად ერთი პარტიის - "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილია. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ მცდელობის მიუხედავად, სააკაშვილის პარტიის ჩრდილიდან გამოსვლას ვერ შეძლებს ვერც ნიკა გვარამია, რომელსაც პოლიტიკური განაცხადი უკვე გაკეთებული აქვს.

მოახერხებს თუ არა გვარამია "ნაციონალური მოძრაობის" ჩრდილიდან გამოსვას, პასუხის გაცემა უჭირთ ლევან ხაბეიშვილის გუნდის წევრებს. დღეს კიდევ ერთხელ ითქვა, რომ მზად არიან ყველასთან ითანამშრომლონ, თუმცა ერთი პირობით - თუ "ნაციონალური მოძრაობის" ხედვები იქნება გაზიარებული.

ნიკა გვარამიას დღეს საკუთარ გეგმებზე "კურიერთან" არაფერი უთქვამს, თუმცა მანამდე გაკეთებულ არაერთ კომენტარში ადასტურებდა, რომ თანამოაზრეების შემოკრებას ცდილობს და რომ მათ შორის ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძეც არიან. შეთანხმება მიღწეული ისევ არ არის ნიკა მელიასთან და "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრებთან, ასევე სხვა პარტიებთან.

დღეს, "მთავარი არხის" დამფუძნებლის მხრიდან ერთი სიახლის შესახებ გახდა ცნობილი, სოციალური ქსელით ნიკა გვარამიამ დაწერა, რომ მის გუნდს სპორტსმენი ზურაბ დათუნაშვილი შეემატა. მოჭიდავე და სამგზის ევროპის ჩემპიონი 2020 წლიდან სერბეთის სახელით ასპარეზობდა, მან ქვეყანა რამდენიმე წლის წინ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ თამაზ გეგეშიძესთან დაპირისპირების შემდეგ დატოვა. დათუნაშვილმა პოლიტიკური არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და წლებია ის მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერია.

"ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირების გამო, პოლიტიკოსების ნაწილს გვარამიას პოლიტიკური მომავლის პროგნოზი უჭირს. ამბობენ, ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მმართველობა, მოქალაქეებისათვის სერიოზული წნეხი იყო და მან კვალი ამომრჩეველში დღემდე დატოვა. შესაბამისად, გვარამიას მესამე ძალად ჩამოყალიბება გაუძნელდება.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისთვის, გვარამიას იდეოლოგია მისაღებია და მასთან სამომავლო თანამშრომლობას არ გამორიცხავს, ნაწილისთვის კი მნიშვნელობა არ აქვს რომელი გაერთიანება რა ახალი სახელის მატარებელი იქნება, რადგან მიაჩნიათ, რომ მათთვის გადამწყვეტი ისაა, რომ ასეთ პოლიტიკურ ძალებში მთავარი დღის წესრიგს კვლავ "ნაციონალური მოძრაობა" შეადგენს.

ცალ-ცალკე თუ ერთად, მმართველი პარტიისთვის ოპოზიციის შანსები უპერსპექტივოა.

ვინ ვისთან გაერთიანდება, ან რომელი პარტიები შეძლებენ კოალიციების ჩამოყალიბებას, ეს სავარაუდოდ გაზაფხულისთვის გახდება ცნობილი. 26 ოქტომბერს კი ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს საარჩევნო ყუთთან გააკეთებს.

დღის ამბები