25 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
თამაზ გინტურის მკვლელობა, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, "ბორდერიზაცია" - ერგნეთში მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი დასრულებულია

ერგნეთში მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი დასრულებულია. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 117-ე შეხვედრა გაიმართა.

ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება და უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესის შეჩერება კიდევ ერთხელ მოითხოვა.

ამასთან, წინა შეხვედრის მსგავსად, დისკუსია გაგრძელდა თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტზე. საოკუპაციო ძალების წარმომადგენელმა საქართველოს მოქალაქე სოფელ კირბალის სალოცავთან, ექვს ნოემბერს მოკლა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს მოსთხოვეს, წარმოედგინათ განახლებული ინფორმაცია, მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც ირაკლი ანთაძე ამბობს, მათგან ტრადიციული პასუხი მიიღეს. 

"მონაწილეებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოვთხოვეთ წარმოედგინათ განახლებული ინფორმაცია, მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით და ხომ არ იყვნენ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები დაკავებული. სამწუხაროდ, მივიღეთ მათგან ტრადიციული პასუხი, რაც თავიდანვე იყო გაჟღერებული რუსეთის მხარის მიერ. კერძოდ, გვითხრეს, რომ გამოძიება ჩატარდა და ე.წ. მესაზღვრეები მოქმედებდნენ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.

რაც შეეხება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების გათავისუფლების საკითხს, დავაყენეთ საკითხი ხუთივე უკანონო პატიმრის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. დღეს, ალბათ მეცოდინება ე.წ. სასამართლოს შედეგი. ორ მათგანზე მიმდინარეობს ე.წ. სასამართლო პროცესი. როგორც კი ინფორმაციას მივიღებ, ეს ინფორმაცია გაუზიარდებათ ოჯახის წევრებს. სხვა მიმართულებით, სამწუხაროდ, არ დაფიქსირდა მათი მხრიდან მზაობა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების უპირობო გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავაჟღერეთ ტრადიციული ჩვენი პოზიცია ნულოვან კოეფიციენტთან დაკავშირებით, რათა ადგილობრივმა მკვიდრმა მოსახლეობამ უსაფრთხოდ შეძლოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილება, მიწის ნაკვეთებზე მუშაობდა და საქონლის მწყემსვა," - აცხადებს ირაკლი ანთაძე.

დღის ამბები