25 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
ბრალდება წაუყენეს ძმებს, რომელთაც 47 წლის კაცი ჯერ სცემეს და, იმავე დღეს, ერთ-ერთმა ძმამ ნაცემი კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ძალადობის და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 თებერვალს, თბილისში, კიკეთისა და სომხეთის ქუჩების კვეთაზე, ბრალდებულმა ძმებმა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ერთი პირი ჯგუფურად, სხვადასხვა საგნის გამოყენებით სცემეს. იმავე დღეს, ბრალდებულები ავტომობილით, თბილისში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მათ მიერ ნაცემი პირი დაინახეს. ავტომობილში მჯდომმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა დაზარალებულს, რომელიც, მიღებული დაზიანებების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად) 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები