25 ნოემბერი 2024,   16:20
ვრცლად
საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, ჯანსაღი მმართველობა, მეტად უნდა გახდეს ევროკავშირის ინტერესის საგანი - მაკა ბოჭორიშვილი ევროპელი კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოვიდა 

საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში იმყოფება. საქართველო ახალი სტატუსით ევროკავშირის კონფერენციებში მონაწილეობს. ევროპელი კანონმდებლების წინაშე სიტყვით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გამოვიდა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო განაგრძობს რეფორმების გატარებას, რათა ქვეყანამ ევროპულ გაერთიანებაში ინტეგრაცია დააჩქაროს.

მსჯელობის საგანია, თუ როგორ შეიძლება არსებული გამოწვევების ფონზე ევროკავშირის წევრმა და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებმა, გააუმჯობესონ ეკონომიკური მდგომარეობა.

"საქართველოს, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა გასული წლის დეკემბერში აქვს ამბიცია - იყოს ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში. საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების 10-წლიანი გამოცდილება აქვს, რომელიც პოლიტიკურთან ერთად, ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებსაც მოიცავს, რაც ვფიქრობთ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას. გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სტრუქტურული რეფორმების გატარების კუთხით, რაც უკავშირდებოდა საჯარო ფინანსების მართვას, სერვისების განვითარებას, კორუფციასთან ბრძოლას, კონკურენციის ხელშეწყობას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას თუ სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას. მიუხედავად რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გამოწვევებისა, ბოლო წლებში გატარებული სწორი ეკონომიკური პოლიტიკის საფუძველზე, შევძელით გვქონდეს ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტენდენციები. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა დასაძლევი, რაც ძირითადად უკავშირდება გარე მოწყვლადობის შემდგომ შემცირებას, შრომის ბაზრის ფუნქციონირების გაუმჯობესებასა და სტრუქტურული სისუსტეების აღმოფხვრას.

საქართველო მოწოდებულია გააძლიეროს სატრანზიტო ფუნქცია, იყოს ევროკავშირის სანდო პარტნიორი მათ შორის, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების და მწვანე ენერგიის მიწოდების კუთხით. იმისათვის რომ სრულად იქნას ათვისებული ის ახალი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები, რასაც საქართველო სთავაზობს ევროკავშირს, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, ჯანსაღი მმართველობა, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, მეტად უნდა გახდეს ევროკავშირის ინტერესის საგანი,"- აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები