სანახაობა აშშ-ში, რომელსაც მხოლოდ სპორტის მოყვარულები არ ელოდებიან! "სუპერ ბოულის" მთავარი გმირი, 2024 წელს, მუსიკოსი აშერია.
"სუპერ ბოული" ამერიკული ფეხბურთის საფინალო მატჩია, რომელსაც, წლიდან წლამდე, მთელი მსოფლიო ელოდება. სპორტული ნაწილის გარდა, აქ მთავარი მომენტი "შესვენების შოუა", ღონისძიება, რომელზეც მხოლოდ ვარსკვლავები ხვდებიან. აშერმა, პერფორმანსის დროს, არაერთი კოსტიუმი მოირგო და ყველა დროის საუკეთესო ჰიტები შეასრულა.
სცენაზე ერთ-ერთი შთამბეჭდავი სანახაობა, წითელ როიალთან, წითელი სამოსით, ალიშა ქისის გამოჩენა იყო. შესრულებული სიმღერით და აშერთან ერთად ნამღერი დუეტით, მსოფლიო მაყურებლის აღფრთოვანება დაიმსახურა.
აშერმა თავის მუსიკალური შემოქმედება ზუსტად 13 წუთში ჩაატია. მასთან ერთად, სტადიონზე გამოჩნდნენ ცნობილი მუსიკოსები - ვილ აი ემი, ლუდაქრისი, ჯერ -მეინ დუპრი, ლი ჯონი და ჰერი.
"სუპერ ბოულს" წელს 70 ათასზე მეტი სტუმარი ჰყავდა. მათ შორის, ვარსკვლავები - ბიონსე, ჯეი ზი, ლეიდი გაგა და ამერიკული ფეხბურთის განსაკუთრებული ქომაგი ტეილორ სვიფტი, რომელიც მატჩზე, შეყვარებულის საგულშემატკივროდ, ოჯახთან, რეპერ აის სპაისთან, ლანა დელ რეისთან და ბლეიკ ლაივლისთან ერთად მივიდა.
25-22! ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატი "კანზას სითი ჩიფსის" გამარჯვებით დასრულდა. ეს ის გუნდია, რომელსაც ტეილორ სვიფტი განსაკუთრებულად გულშემატკივრობდა. მომღერალმა შეყვარებულის, ტრევის კელსის გუნდის გამარჯვება "სუპერ ბოულზე" კოცნით აღნიშნა, რამაც ინტერნეტში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია.
რიგით 58-ე "სუპერ ბოულს" ლას-ვეგასში, "ალიჯენთ სტადიონმა" უმასპინძლა.
Super Bowl-ი, რომელიც ამერიკაში ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებად, ფაქტობრივად, ეროვნულ დღესასწაულადაც კი მიიჩნევა, 180-ზე მეტ ქვეყანაში მაუწყებლობს.