25 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
ომის 129-ე დღე - "ცაჰალმა", ომის დაწყების დღიდან, ქალაქ რაფაჰზე ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა

რაფაჰს ისრაელის თავდაცვის ძალებმა გვიან ღამით შეუტიეს. იერიში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო კომპონენტებს მოიცავდა. ადგილობრივების განცხადებით, განადგურებულია ორი მეჩეთი და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. "როიტერი" 37 დაღუპულისა და ათობით დაშავებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, აფეთქებებს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

"ცაჰალის" იერიშს კონკრეტული მიზანი ჰქონდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ტყვეობიდან 2 მძევალი დაიხსნეს.

60 და 70 წლის მამაკაცები გვიან ღამით ვერტმფრენით, ისრაელის ერთ-ერთ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, ფსიქოლოგიური მდგომარეობა მაინც საკმაოდ მძიმეა.

ისრაელის თავდაცვის უწყების განცხადებით, მძევლების გათავისუფლება დაზვერვის სამსახურისა და სამართალდამცველების ერთობლივი მუშაობის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

ისრაელელი ჯარისკაცების განცხადებით, საფრთხე განეიტრალებულია გაეროს ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზეც. საერთაშორისო ორგანიზაციის შენობის ქვეშ თავდაცვის ძალებმა "ჰამასის" იარაღის ერთ-ერთ უმსხვილეს საწყობს მიაგნეს. ფაქტს საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა. გაეროს პალესტინელი დევნილების დახმარების ორგანიზაციას 10-მა ქვეყანამ დაფინანსება შეუწყვიტა.

საერთაშორისო სკანდალის მიუხედავად, დასავლეთი ისრაელს პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს. თავი მხრივ, ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ "ცაჰალი" საერთაშორისო სამართლის წესებს არ არღვევს და მისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. კონტრტერორისტული ოპერაცია კი ყველა მძევლის გათავისუფლებამდე გაგრძელდება.

დღის ამბები