25 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
რატომ არ მიულოცა დროულად სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება? - დუმილი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ დაარღვია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას მისალოცი წერილი 9 თებერვალს გაუგზავნა. თუმცა, გაგზავნის დრო პრესსამსახურს არ გაუვრცელებია. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე კი, სალომე ზურაბიშვილის მილოცვა მხოლოდ დღეს, 15:08 საათზე გამოჩნდა. მაშინ, როცა ყველა ქვეყნის ლიდერის, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის საიტზე, გაგზავნიდან რამდენიმე საათში აიტვირთა.

მეგობარ ქვეყანასთან ურთიერთობის დაზიანების მცდელობად მიიჩნევენ ვიცე-პრემიერები პრეზიდენტის დაგვიანებულ მილოცვას აზერბაიჯანის ლიდერისადმი. სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურმა, მილოცვის ტექსტი, სწორედ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გაკეთებული განცხადებების შემდეგ გაავრცელა.

პრეზიდენტის დაცვა, დღეს, ოპოზიციის ნაწილმა სცადა. სალომე ზურაბიშვილი თუ აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგებს ელოდებოდა, ამაში პრობლემას ვერ ხედავენ "ლელოში". ოპოზიციის კიდევ ერთი ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანელი კოლეგისთვის მილოცვა სალომე ზურაბიშვილს სულაც დავიწყებოდა.

ის, რაშიც ოპოზიცია პრობლემას ვერ ხედავს, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა მმართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ აზერბაიჯანელი კოლეგისთვის წერილის გაგზავნა დიპლომატიური ეტიკეტის საკითხიც არის, რომელიც, "ქართული ოცნების" წევრების თქმით, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაარღვია.

სხვა ქვეყნების შემთხვევაში, ზურაბიშვილი კოლეგებს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე ულოცავდა და წერილებს თავის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებდა. ასე იყო ვოლოდიმირ ზელენსკის შემთხვევაშიც, როცა უკრაინელ კოლეგას ზურაბიშვილმა პრეზიდენტად არჩევა ეგზიტპოლების გამოცხადებისთანავე მიულოცა. საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს საბოლოო შედეგებს არ დალოდებია არც სლოვაკეთის, ლიეტუვის, ჩეხეთისა და საფრანგეთის შემთხვევაში - ყველა კოლეგას არჩევნებში გამარჯვება წინასწარი მონაცემების საფუძველზე მიულოცა.

თუ ზურაბიშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას პრეზიდენტად არჩევა 9 თებერვალს მიულოცა, რატომ დასჭირდა 4 დღე მის ადმინისტრაციას დოკუმენტის გამოქვეყნებისთვის - კითხვა უპასუხოდ დარჩა. "კურიერს", ჯერ კიდევ 10 თებერვალს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილი, მილოცვის გასაგზავნად, აზერბაიჯანის ცესკოს საბოლოო შედეგებს ელოდებოდა.

დღის ამბები