25 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
ხარვეზების მინიმუმამდე დაყვანა, ხარისხის კონტროლი, ზედამხედველობის ყველა არსებული მექანიზმის გამოყენება და საზოგადოების მუდმივი ინფორმირება - ირაკლი კობახიძემ პრემიერის რანგში პირველი დავალება მთავრობის პირველივე სხდომაზე გასცა

პრემიერის რანგში, პირველი დავალება მთავრობის პირველივე სხდომაზე გასცა. ირაკლი კობახიძე სამთავრობო კაბინეტს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს. ხარვეზების მინიმუმამდე დაყვანა, ხარისხის კონტროლი, ზედამხედველობის ყველა არსებული მექანიზმის გამოყენება და საზოგადოების მუდმივი ინფორმირება - ეს იმ პრიორიტეტების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც ახალი პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს.

პირველივე სხდომაზე, ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტს ვიცეპრემიერებიც წარუდგინა. პირველი ვიცეპრემიერი ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილია, ორი ვიცეპრემიერის პოზიციებს თეა წულუკიანი და ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებენ. კიდევ ერთი ცვლილება მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში - მას მიშა ფეიქრიშვილი უხელმძღვანელებს.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, მუშაობას გააძლიერებს, კორუფციის ინდექსის მაჩვენებელია. პრემიერ-მინისტრის თქმით, მიზანი პოზიტიური მაჩვენებლიდან მსოფლიო მოწინავე ქვეყნების რიგში გადანაცვლებაა.

კორუფციის დაბალი მაჩვენებლის გაუმჯობესება და ახალ საფეხურზე გადასვლა, რომ ახალი კაბინეტის პრიორიტეტი იქნება, ამაზე, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან, ვიცე პრემიერებმაც გააკეთა აქცენტი.

კორუფციის კუთხით, ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს ელოდება ოპოზიციაც. პოლიტიკური პარტიების ნაწილისთვის განცხადებები ფასადურია, ნაწილს კი მიაჩნია, რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით მნიშვნელოვანი წინსვლის მიღწევა შესაძლებელია.

სახელისუფლებო პარტია ახალი პრემიერის ინიციატივებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ”ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ, სწორი პოლიტიკის პირობებში, პრემიერ-მინისტრის კონკრეტული გზავნილები რეალურად განხორციელებადია.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი პრემიერისა და კაბინეტის წევრების პრიორიტეტად პირველივე სხდომაზე დასახელდა. მთავრობის ამოცანაა, ქვეყანა, ამ კუთხით, მსოფლიო ათეულში გადავიდეს.

 

დღის ამბები