25 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი თემურ კარბაიას საქმეზე ორი "მილიციელი" დააკავეს

ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი თემურ კარბაიას საქმეზე ორი "მილიციელი" დააკავეს - დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ძალადობის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებაში ეჭვმიტანილნი არიან კაპიტანი ალბერტ ზარაკუა, ლეიტენანტი ვიანორ აბშილავა და უმცროსი ლეიტენანტი დავით კვეკვესკირი. კვეკვესკირი პროკურატურაში არ გამოცხადდა და მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

ე.წ. პროკურატურის ვერსიით, გასული წლის 6 დეკემბერს დავით კვეკვესკირმა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი თემურ კარბაია იძულებით მიიყვანა გალის ე.წ. მილიციის განყოფილებაში, სადაც ის უკანონოდ გაჩხრიკა.

ამავე ცნობით, „შემოწმების ბოლოს კარბაიამ კვეკვესკირის მიმართ უცენზურო სიტყვები გამოიყენა, რის შემდეგაც მილიციელმა დაკავებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ დროს სამორიგეო განყოფილებაში შევიდნენ ზარაკუა და აბშილავა, რომლებიც, კვეკვესკირთან ერთად, კარბაიას ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აფხაზეთის შინაგან საქმეთა დე ფაქტო სამინისტრო ადრე აცხადებდა, რომ კარბაია "პრევენციული საუბრის შემდეგ" გაათავისუფლეს და მოქალაქე გარდაიცვალა სოხუმის საავადმყოფოში, სადაც ერთი დღით ადრე ის გალიდან გადაიყვანეს.

თემურ კარბაიას გარდაცვალების მიზეზად მისი ოჯახის წევრები ე.წ. მილიციელების მიერ მის სასიკვდილოდ ცემას ასახელებენ.

დღის ამბები