ავლაბარში 50 წლამდე მამაკაცი ჩაცხრილეს. "კურიერი P.S-ის" ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი იმავე უბანში ცხოვრობდა, სადაც მკვლელობა მოხდა. ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ.
შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, საიდანაც სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს ჩანაწერები. შესაბამისად, შესაძლოა, დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებული იყოს. ადგილზე საგამოძებო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
მოკლული, წარსულში ნასამართლევი იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობები ყელისა და თავის არეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა, თუმცა დაჭრილის გადარჩენა ვერ შეძლეს. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.