მისი მუსიკის გარეშე არც ქართული კინო იქნებოდა ისეთი როგორც არის, არც სენტიმენტალური ტანგო, არც თბილისი და არც მისი ცხოვრება, რომელშიც მთელი ქონება მხოლოდ მუსიკა იყო. კაცი, რომელმაც გამარჯვების ჰიმნი დაწერა და თბილისის დინამოს სამუდამო ძეგლი დაუდგა, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ქართველი ხალხი დიდ მაესტროს ემშვიდობება. უკანასკნელ გზაზე მეგობრებმა დიდი მაესტრო გულწრფელი, თუმცა სევდიანი ტაშით გააცილეს.
ვაჟა აზარაშვილი ის გენიალური კომპოზიტორი იყო, რომელიც ყველა ჟანრში წერდა მუსიკას და მსმენელს მრავალფეროვანი შემოქმედება დაუტოვა.
7 წლის იყო, როდესაც მეზობელმა, რომელიც სამუსიკო სკოლის სასწავლო ნაწილი იყო, მუსიკაზე შესვლა შესთავაზა. სახლში ფორტეპიანო არ ჰქონდათ, ამიტომ ვიოლინო მისცეს. პირველ წელს მუსიკა დიდად არ ხიბლავდა, ეზარებოდა, თუმცა როდესაც მეოთხე კლასში პირველი კონცერტი გამართა, მიხვდა, რომ მუსიკა მისი ცხოვრების მთავარი აზრია და ამ საქმისთვის თავი არ უნდა დაენებებინა. ასე დაიწყო გენიალური კომპოზიტორის გამარჯვებებით სავსე გზა.
ვაჟა აზარაშვილი ქართველი შემსრულებლებისა და მსმენელების საყვარელი კომპოზიტორი გახდა. მუსიკას წერდა ყველგან - სახლში, ეზოში, მთავარია სიჩუმე ყოფილიყო. ამბობენ, რომ მისი მუსიკა მისივე გულისთქმა იყო და ამაში მორის ფოცხიშვილის შემოქმედებაც ეხმარებოდა - პოეტი და კომპოზიტორი დიდი მეგობრები იყვნენ.
დიდი მაესტროს მეორე გატაცება სპორტი იყო, კერძოდ კი ფეხბურთი. თბილისის დინამოს ერთგული გულშემატკივარი იყო, რომელსაც არცერთი თამაში არ გაუცდენია. 1976 წელს, როდესაც თბილისის დინამომ დიდი გამარჯვება მოიპოვა და საბჭოთა კავშირის თასი პირველად აიღო, იმ ღამით ვერ დაიძინა, ბოლოს სამზარეულოში დაწერა მუსიკა და დილითვე მორის ფოცხიშვილს მიაკითხა. ასე შეიქმნა ფეხბურთის ჰიმნი, რომელსაც თითქმის 50 წელია მღერიან და არა მხოლოდ სტადიონზე.
ვაჟა აზარაშვილმა ეპოქალური მუსიკა შექმნა. მისი გენიალური შემოქმედება კი მომავალ თაობებს კიდევ დარჩება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი