25 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
30-ჯერ ძვირად გაყიდული მედიკამენტები - კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი 8 კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო

30-ჯერ ძვირად გაყიდული მედიკამენტები - კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი 8 კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმპორტიორი კომპანიები ზოგიერთ მედიკამენტს, რომლის თვითღირებულება შეიძლება 1 ლარი იყოს, 30 ლარად ყიდიან.

აფთიაქში შესვლისთანავე გავარკვიეთ, რომ შპს "რიჩგრუპს" ერთი კონკრეტული წამლის იმპორტზე მონოპოლია აქვს. რაც შეეხება ფასს - ჯანდაცვის უწყებას აქვს ეჭვი, რომ მასზე არაადეკვატურად მაღალი ფასნამატია. ამის გამოთვლა მარტივია - პრეპარატი საქართველოში მინიმუმ 31,40 ლარი ღირს, მწარმოებელი პორტუგალიაა, იქ კი ამ წამლის შეძენა მხოლოდ 4 ევროდ ანუ ქართულ ფულზე - 12 ლარად არის შესაძლებელი. ამიტომ, პრეპარატის იმპორტის ხარჯების გათვალისწინებით, ჯანდაცვის უწყებამ, ამ წამლის რეფერენტულ ფასად 16 ლარი და 58 თეთრი განსაზღვრა.

ქვეყანაში ამ პრეპარატის ძირითადი იმპორტიორი შპს "გეაა", სწორედ ის ამარაგებს სხვა, მათ შორის, მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებს. წამლის ფასი, შემომტანთან, დღეის მდგომარეობით 10 ლარი და 98 თეთრია, ის რეფერენტულ ფასზე ორჯერ ძვირია. ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა, რომ ქვეყანაში ეს წამალი 5.58 ლარზე ძვირად არ უნდა გაიყიდოს.

დომინანტურ მდგომარეობაში მყოფი იმპორტიორებისთვის, წამლის ხელოვნურად გაძვირების თავიდან ასაცილებლად, უწყებას რეფერენტული ფასი 6000-ზე მეტ მედიკამენტზე უკვე აქვს დადგენილი, არაკეთილსინდისიერი იმპორტიორების გამოსავლენად კი, კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო.

კომპანიებს მოკვლევის დაწყების შესახებ ეცნობათ, თუმცა მედიასთან განმარტებების გაკეთება არ სურთ, სატელეფონო საუბრისას ამტკიცებენ, რომ ისინი წამლებს ხელოვნურად არ აძვირებენ.

იმპორტირებულ წამლებზე რომ საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ფასები, რიგ შემთხვევაში მნიშვნელოვნად ძვირია, ამას მომხმარებელი უკვე საკუთარი გამოცდილებითაც ხვდება.

კონკრეტულ წამლებზე ფასის კოლოსალური მატება, უწყებამ, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების პროცესში გამოავლინა. პირველადი შეფასებით, არაადეკვატური ფასნამატი 8 იმპორტიორის მიერ 20-მდე დასახელების პრეპარატზე აქვს, თუმცა არ არის გამორიცხული, ციფრები მოკვლევის პროცესში, კიდევ გაიზარდოს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, კონკურენციის სააგენტომ კიდევ ერთი საქმის მოკვლევა, გასული წლის დეკემბერში დაასრულა, რითაც დაადასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მაქსიმალური ფინანსური მოგების მიზნით, ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ, კარტელურ გარიგებას. სამართალდამრღვევი 5 მსხვილი ფარმაცევტული კომპანია, ჯამში 53 მილიონი ლარით დაჯარიმდა.

არ არის გამორიცხული, ახალი მოკვლევის ფარგლებში, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის, სოლიდური ჯარიმა, ამჯერად იმპორტიორ კომპანიებსაც დაეკისროთ.

დღის ამბები