25 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
ოპოზიციისთვის ძალა ერთობაში აღარ არის, ბრძოლას ყველა ინდივიდუალურად შეეცდება - სააკაშვილის გუნდს გამიჯნულებს კი, მმართველი ძალა ისევ "ნაცმოძრაობას" უკავშირებს

ოპოზიციისთვის, ძალა ერთობაში აღარ არის. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სტრატეგია თავადვე უარყვეს, ეს მას შემდეგ, რაც მცდელობა მცდელობად და მხოლოდ სახელში დარჩა. ბრძოლას ყველა ინდივიდუალურად შეეცდება, თუმცა სააკაშვილის გუნდს გამიჯნულებს, მმართველი გუნდი მაინც "ნაცმოძრაობას" უკავშირებს.

ოპოზიციურ ვექტორზე მყოფთა გზა რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" მოდის ან "ნაციონალურ მოძრაობამდე" მიდის, ამას წარსულიც მოწმობს. ყოფილი სახელისუფლებო პარტიის ანატომია, პოლიტიკის უახლესი წარსულია, შესაბამისად, ფაქტებს არქივიც ინახავს.

2001 წელს დაფუძნებული პარტიის დაშლა, ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ, 2012 წლიდან იწყება.

ერთ-ერთი პირველი, ვინც განცდილი მარცხის შემდეგ "ნაცმოძრაობას" ემიჯნება, პარტიის აღმასრულებელი მდივანია. 2015 წელს, ზურაბ ჯაფარიძე კარს ხურავს და მიდის, წასული კი ახალი პარტიის ისტორიის წერას იწყებს. თუმცა ეს ისტორიაც გაყრით სრულდება.

2016 წელს დიდი გაშორებით ახალი - "ევროპული საქართველო" იქმნება. წამსვლელთა რიგებში ბევრი ეწერება, მათ შორის, ელენე ხოშტარია და წლების შემდეგ ისევ "ნაციონალურ მოძრაობაში" მიბრუნებული გიგი უგულავა. ხოშტარია წარმატებას ვერც აქ აღწევს, "დროას" აფუძნებს და პოლიტიკურ გზას ყოფილ თანაგუნდელს ზურაბ, ახლა უკვე გირჩი ჯაფარიძეს უკავშირებს.

წასვლა-მოსვლის პრაქტიკას წარმატებით იყენებენ "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძეც. წავიდა, "სტრატეგია აღმაშენებელი" დააარსა, თუმცა პოლიტიკურმა სტრატეგიამ ისევ "ნაციონალურ მოძრაობდე" მიიყვანა.

2021 წელს "ნაციონალური მოძრაობისა" და სალომე სამადაშვილის გზებიც იყოფა. დიპლომატმა მაშინ პარტიას უხეშ შეცდომებზე მიუთითა და თავად გზა ხაზარაძის "ლელოს" დაუკავშირა. ითანამშრომლებს თუ არა ყოფილ გუნდთან მომავალში, ამაზე პასუხის გაცემა არ სურს. თუმცა 2019 წელს, მამუკა ხაზარაძის და "ნაციონალური მოძრაობის" გზა ღიად იკვეთება. ეს მაშინ, როცა ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში, ყოფილი ბანკირი ვიცე-მერი, ანუ მისი მოადგილე უნდა გამხდარიყო.

2023 წელი, საბოლოოდ მეორე, დიდი გაყრით სრულდება. პარტიას ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ტოვებს და მას "ნაციონალური მოძრაობიდან" ბევრი მხარდამჭერიც და თანაპარტიელიც მიჰყავს. მელია პოლიტიკურ ველზე, ახალი პლატფორმის შექმნას აანონსებს.

სანამ მელია მოვა, უკვე მოვიდა "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი. ნიკა გვარამიამ "ახალი" - ახალ პლატფორმას დაარქვა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე და არც კონსულტაციები უარყო ყოფილ "ნაციონალებთან" - მელიასთან, ჯაფარიძესთან და ხოშტარიასთან.

"ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას და საკრებულოებში კოალიციასაც ივიწყებენ გახარიას გუნდში და ამას პოლიტიკური კრიზისის განმუხტვით ხსნიან.

სანამ პოლიტიკური გაერთიანებების კონტური საბოლოოდ მოიხაზება, "ნაციონალური მოძრაობა" თავად არავის გაურბის. მეტიც, ყველას ისევ ერთობას სთავაზობს, თუმცა ღია კარში მხოლოდ "სტრატეგია აღმაშენებელი" შევიდა.

ის, რაც "ნაციონალური მოძრაობისთვის" გასაგებია, არ ესმით "გირჩში". პარტიის ლიდერმა, "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული 7 პარტია დათვალა - ჩამონათვალშია "ლელო" და გახარიას გუნდიც.

მომავალს წარსული განაპირობებს, შესაბამისად, მმართველი გუნდი ახლებს მაინც ძველს არქმევს, რადგან როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, სახელის შეცვლით ან ახალი სტრატეგიით, ოპოზიცია "ნაციონალურ მოძრაობასთან" გამიჯვნას ვერასდროს შეძლებს.

ერთად თუ ცალ-ცალკე? სად გაჩერდება ოპოზიციის პოლიტიკური მატარებელი, ეს დრომ უნდა აჩვენოს. არჩევნებამდე კი 8 თვე რჩება.

 

ავტორი: იზი ბურნაძე

 

 

 

დღის ამბები