25 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
9 დასრულებული სიცოცხლე - სტიქიური უბედურებით გამოწვეული ერთი სოფლის ტრაგედია

9 დასრულებული სიცოცხლე - ეს ერთი სოფლის ტრაგედიაა, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა. 15 წლის ტყუპ დებს, ანას და ქეთის, მათ ძმას დათუნას, მამას, მეზობლად მცხოვრებ 20 წლის ნიას და მისი ოჯახის 4 წევრს სოფელი სამუდამოდ ემშვიდობება.

საბედისწერო ღამის შედეგები მძიმეა, მძიმეა ისტორიებიც, მომხდარის დაჯერება ყველას უჭირს, ყველაზე მეტად კი, მათ, ვინც სტიქიას შეწირულ პატარებთან ყველაზე მეტ დროს ატარებდა.

რობაქიძეების ოჯახიდან სტიქიას მხოლოდ დედა გადაურჩა, რომელიც რამდენიმე ათასი კილომეტრით შორს, შვილების უკეთესი მომავლისთვის წავიდა.

ნერგეეთის საჯარო სკოლაში ახლა აუტანელი სიჩუმეა, აქ აღარც ზარის და აღარც ბავშვების ხმა ისმის. საგაკვეთილო პროცესი გლოვამ ჩაანაცვლა.

7 თებერვლის ღამემ, სოფელი ნერგეეთის რეალობა სამუდამოდ შეცვალა, სტიქიის ზონად ეს ადგილი ღამის 02:00 საათზე იქცა, მაშინ, როცა ყველას ეძინა, დაახლოებით 150 000 კუბური მეტრი მიწის მასა ჩამოიშალა და 3 ოჯახი ჩაიყოლა.

მაშველებთან ერთად, იმ ღამით, მიწაში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას მეზობლებიც ცდილობდნენ, მათ შორის იყო თეოდე გოგსაძე, რომელმაც ჩამოწოლილი მიწის მასიდან მაშველების დახმარებით, იმ ერთადერთი ადამიანის გამოყვანა შეძლო, რომელიც ამ ტრაგედიას ცოცხლად გადაურჩა.

ყველაფერი გააკეთეს, თუმცა 7 თებერვლის შემდეგ სოფელმა ახალ რეალობაში გაიღვიძა. დაკარგეს 9 თანასოფლელი, მოუწიათ სახლების დატოვებაც, მეწყერსაშიში ზონიდან გადარჩენილი მოსახლეობა ევაკუირებულია, როდის დაბრუნდებიან შინ, ეს ჯერ არავინ იცის.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები