25 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
"ბრალდებული ადასტურებს, რომ დანაშაული ჩაიდინა ბიძის, ნოდარ ორველაშვილის მიმართ შურისძიების მოტივით" - რუსთავის მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პატიმრობა შეეფარდათ

რუსთავის ბაზარში მომხდარი დანაშაულის საქმეზე ბრალდებულ ძმებს, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და ყველაზე მკაცრი ღონისძიება გამოიყენა.

35 წლის გიორგი ორველაშვილმა, რომელსაც ოთხი პირის მკვლელობასა და ერთი ადამიანის დაჭრას ედავებიან, ბრალი სხდომათა დარბაზშივე აღიარა.

მისი ძმის, გოგიტა ორველაშვილის დაკავების მიზეზი კი, გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის იარაღია. დგინდება, რომ იარაღი საიდანაც ორველაშვილმა გაისროლა, სწორედ მის ძმას ეკუთვნის. სროლის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაიჭრა.

დაცვის მხარის ადვოკატის, ელდარ გვალიას განცხადებით, დანაშაულის მასშტაბიდან გამომდინარე, ელოდა, რომ მოსამართლე აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას გამოიყენებდა.

"გიორგი ორველაშვილის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი სახე - პატიმრობა. სხვა მოლოდინი დაცვის მხარეს, დანაშაულის მასშტაბებიდან გამომდინარე, არც ჰქონდა", - განაცხადა ელდარ გვალიამ.

პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, ბრალდებულს ბიძასთან კონფლიქტი ჰქონდა, ხოლო დანარჩენი ადამიანები მხოლოდ იმის გამო დახოცა, რომ ისინი, იმ მომენტში, შემთხვევის ადგილზე იყვნენ.

"წინასწარ დაგეგმილად და მიზანმიმართულად ჩაიდინა დანაშაული. კახეთიდან წამოიღო გამართული იარაღი, რომლითაც რუსთავში დახოცა ხალხი. მოტივთან დაკავშირებით ბრალდებული ადასტურეს იმას, რომ დანაშაული ჩაიდინა ბიძის, ნოდარ ორველაშვილის მიმართ შურისძიების მოტივით. გამყიდველები გვაწვდიან ინფორმაციას, რომ მას ჰქონდა ცუდი სიმთვრალე, ხშირად სიმთვრალეში იყო კონფლიქტური, დაუსაბუთებლად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე აგინებდა და აყენებდა შეურაცხყოფას როგორც ბიძამის, ასევე სხვა პირებს. ბიძასთან დაკავშირებით ჰქონდა წყენა, რადგან ბიძამისმა დეკემბრის თვეში ის სამსახურიდან გაუშვა თავისი უსაქციელობის გამო. დანარჩენებთან დანაშაულის ჩადენის არანაირი მოტივი არ ჰქონდა, ისინი უბრალოდ დახოცა იმიტომ, რომ ის ადამიანები იმყოფებოდნენ, იმ მომენტში შემთხვევის ადგილზე", - განაცხადა პროკურორმა.

დღის ამბები