პრემიერის განცხადებაში დავინახეთ ის, რისი დანახვაც გვინდოდა. შესაბამისად, გვაქვს იმედი და რეალურად გვჯერა, რომ ნელ-ნელა ეს პროცესი ბატონ პრემიერის განცხადებას გაყვება და ჩვენთვის სასარგებლო მიმართულებებს მიიღებს, - ამის შესახებ ექიმმა გივი პისარევმა განაცხადა, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟს აპროტესტებს.
მისი თქმით, პრემიერის განცხადება სრულიად განსხვავდება ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებისგან.
"პრემიერმა განაცხადა, რომ ჩვენს კლინიკაში მუშაობენ დამსახურებული ადამიანები და აუცილებლად გადაწყვეტილება უნდა იყოს კოლექტივთან შეთანხმებით და კოლექტივის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს, ჩვენი აღქმით, არის სრულიად განსხვავებული პოზიცია ვიდრე აქ თუნდაც დღევანდელ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში", - განაცხადა გივი პისარევმა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალმა დღეს აქცია გამართა. ექიმები კლინიკის დემონტაჟის გადაწყვეტილების შეჩერებას ითხოვენ. ექიმებმა ღია წერილით, პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძესაც მიმართეს.