25 ნოემბერი 2024,   16:20
ვრცლად
"არის ჩაკეტილი და უცნაურად იქცევა" - რუსთავის ბაზარში მომხდარი დანაშაულის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

რუსთავის ბაზარში მომხდარი დანაშაულის საქმეზე დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. 35 წლის გიორგი ორველაშვილსა და მის ძმას ბრალი გუშინ წარედგინათ.

ორველაშვილი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მისი ძმის დაკავების მიზეზი კი გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის იარაღია.

გიორგი ორველაშვილის ადვოკატის, ელდარ გვალიას განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, თუმცა მოტივთან დაკავშირებით არ საუბრობს, რაც შეეხება მის ქცევას, ადვოკატის შეფასებით, გიორგი ორველაშვილი არის ჩაკეტილი და უცნაურად იქცევა.

"აღიარებს ბრალს. ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან, ჩემი თანდასწრებით მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში. მკვლელობის მოტივზე გიორგი ორველაშვილი საერთოდ არაფერს არ ამბობს. არის ჩაკეტილი და უცნაურად იქცევა. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მე ადვოკატი ვარ და არ ვარ კომპეტენტური განვსაზღვრო რამდენად დაავადებულია გიორგი ორველაშვილი, თუნდაც ფსიქიკურად, ამისთვის არსებობს გამოძიება, რომელსაც აქვს ვალდებულება დანიშნოს სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა. დაველოდები დასკვნას და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას სასამართლო, თუ შეურაცხადი იქნება გიორგი მაშინ შეწყვეტენ დევნას მის მიმართ და განაწესებენ შესაბამის სამკურნალოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში", - განაცხადა ადვოკატმა.

გოგიტა ორველაშვილის ადვოკატის, ლევან დოსმიშვილის განცხადებით, გამოძიება მას იარაღის უმეთვალყურეოდ დატოვებას ედავება, შესაბამისად, მათი მთავარი მიზანია სასამართლომ ბრალდებული აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოთი გამოუშვას.

"ჩვენი პოზიცია არის, რომ მოხდეს აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვება გოგიტა ორველაშვილის, ხოლო ალტერნატივის სახით სასამართლოს შევთავაზებთ გირაოს. ის ბრუნდებოდა სახლში მორიგი ცვლიდან, მაშინვე გამოცხადდა პოლიციაში და სწორედ იქ გაიგო მომხდარი ამბის შესახებ. აქედან გამომდინარე მას არანაირი შეხება არ აქვს რუსთვის ბაზრობაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. პროკურატურა გვედავება [იარაღის] დაუდევრად შენახვის. და ამ იარაღზე ხელმისაწვდომობას", - განაცხადა ლევან დოსმიშვილმა.

დღის ამბები