25 ნოემბერი 2024,   16:55
ვრცლად
ომში ყოფნის 717-ე დღე და თავდასხმები მშვიდობიან მოქალაქეებზე - ვითარება უკრაინაში

მტერი მძინარე, მშვიდობიანი უკრაინელების ხოცვას აგრძელებს. დრონებით თავდასხმამ ცეცხლში მინიმუმ 15 სახლი გაახვია. სამიზნე ხარკოვზე კიდევ ერთხელ გასწორდა. მოკლულია სულ მცირე 7 ადამიანი. უკვე იდენტიფიცირებულია ახალგაზრდა დედ-მამა და მათი 6 თვის, 4 და 7 წლის შვილების ცხედრები.

გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. აფეთქების წერტილში, ათობით ადამიანს ეძინა. ბევრი ახლაც დაკარგულად ითვლება. ოჯახები თავიანთ ახლობლებს ეძებენ.

მშვიდობიან მოქალაქეებს თავს სუმშიც დაესხნენ. იქაც უპილოტო საფრენი აპარატებით. ნანგრევებში არაერთი ადამიანი მოჰყვა-არიან დაღუპულები. მაშველებმა მხოლოდ რამდენიმე მათგანის გადარჩენა შეძლეს.

რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, დასავლეთი ომში ჩაბმული ქვეყნის დახმარების გეგმაზე მუშაობას აგრძელებს. საკითხის განსახილველად, გერმანიის კანცლერი ოფიციალური ვიზიტით ამერიკას ეწვია. ჯო ბაიდენმა და ოლაფ შოლცმა კონგრესს, უკრაინის დახმარების სწრაფად დამტკიცებისკენ ერთობლივად მოუწოდეს.

იქამდე, სანამ კონგრესი უკრაინის დაფინანსების საკითხს გადაწყვეტს, ზელენსკი შტატების წარმომადგენელთა პალატის დელეგაციას მასპინძლობს. უკრაინის პირველი პირი იმედს არ კარგავს, რომ ამერიკა მათთვის დახმარებას კიდევ ერთხელ გამოყოფს.

გარკვეული მოლოდინები, რუსეთ-უკრაინის ომის სამომავლო განვითარების შესახებ უკვე ჩნდება. ნატოს გენერალური მდივანი მსოფლიოს სავარაუდო საფრთხეების შესახებ აფრთხილებს. სცენარის იმგვარ განვითარებაზე, რომელიც ორი ქვეყნის ომში მთელი ევროპის ჩათრევას გულისხმობს.

ომში ჩაბმული ქვეყნების სტრატეგია ერთმანეთისგან განსხვავებულია. სამიზნე ობიექტებად რუსეთი მშვიდობიან ხალხს ირჩევს, უკრაინა კი, მტრის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შესანახ საცავებსა და სამეთაურო პუნქტებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფრონტის ხაზი საბრძოლო შეტაკების წერტილად 91-ჯერ იქცა.

დღის ამბები