4 მოკლული და ორი დაკავებული - გამოძიება რუსთავის ბაზარში მომხდარი სასტიკი დანაშაულის ახალ დეტალებს არკვევს. დამნაშავე პირთა წრე ფართოვდება. სავარაუდო მკვლელთან ერთად, საბრალდებო სკამზე ზის მისი ძმაც. როგორც ირკვევა, იარაღი, რომლიდანაც 35 წლის მამაკაცმა 5-ჯერ გაისროლა, სწორედ მის ძმას ეკუთვნოდა.
ბაზრის მოვაჭრეები მოკლულებს კარგად იცნობდნენ, რადგან ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ერთმანეთის გვერდით უწევდათ მუშაობა. იცნობენ თავდამსხმელსაც, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე, ბიძასთან და ბიძაშვილთან ერთად აქ ვაჭრობდა. მათივე მონაყოლით, ოჯახის წევრებს შორის მოხდა უთანხმოება, რომლის დეტალები არ იციან. ამის შემდეგ კი, გიორგი ორველაშვილი მხოლოდ გუშინ ნახეს.
თვითმხილველებს ასევე უჭირთ ახსნან, თუ რატომ გაიმეტა თავდამსხმელმა ბაზარში შემთხვევით შესული ახალგაზრდა ტაქსის მძღოლი ან მოპირდაპირე დახლთან მოვაჭრე ძმები - მალხაზ და დავით აბუაშვილები.
სროლის შემდეგ, გიორგი ორველაშვილმა ბაზრის ტერიტორია დატოვა, თოფი გასასვლელთან დააგდო, გზა გადაკვეთა და რამდენიმე ასეულ მეტრში, აფთიაქში შევიდა. თვითმხილველების მონაყოლით, იქ მან ჩადენილი დანაშაულის შესახებ ისაუბრა და პოლიციაც იქვე გამოიძახეს. აღნიშნულ ინფორმაციას "კურიერს" "ფარმ სახლის“ თანამშრომლები უდასტურებენ.
დღეს, ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ მოგვიანებით გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავა. როგორც ირკვევა, მკვლელობის იარაღი სწორედ თავდამსხმელის ძმის სახელზე იყო რეგისტრირებული.
ამ დრომდე, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 26 წლის ნიკა ორველაშვილი, რომელიც ერთადერთი გადარჩენილი სამიზნეა. კლინიკა რუსთავში შეყვანის დროს, მისი მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა ექიმების ინფორმაციით, ამ ეტაპზე სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ, რუსთავში მომხდარი მძიმე დანაშაულის გარემოებების განხილვა სასამართლოში ინაცვლებს. 35 წლის გიორგი ორველაშვილს გამოძიება დამამაძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, ხოლო მის ძმას, იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.