რკინის გენერალი თანამდებობიდან გადაყენებულია. უკრაინის შეიარაღებული ძალების უკვე ყოფილმა მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ ხალხისგან გმირის წოდება დიდი ხნის წინ, პრეზიდენტ ზელენსკისგან კი მხოლოდ დღეს, პოსტის დატოვების შემდეგ მიიღო.
ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობა ალექსანდრ სირსკიმ დაიმსახურა, რომელიც 2019 წლიდან უკრაინის სახმელეთო ძალებს მეთაურობდა. ხელმძღვანელობდა საოკუპაციო ძალების შეტევის დროს კიევის თავდაცვას და ხარკოვის გამათავისუფლებელ კონტრშეტევას. ყოფილმა მთავარსარდალმა ახალს წარმატებები უსურვა, თუმცა, ვალერი ზალუჟნის სიტყვებში წყენა ბევრმა შენიშნა.
წყენას ვერ მალავს უკრაინელი ხალხიც, რომელთა რჩეული ვალერი ზალუჟნია. სწორედ მოსახლეობაში ჩატარებული გამოკითხვებით გაარკვია რამდენიმე თვის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, რომ მთავარსარდლის რეიტინგი მისას ბევრად აღემატებოდა. გაჩნდა ვარაუდიც, რომ ზალუჟნისა და ზელენსკის შორის უთანხმოების მიზეზი ეს კონკურენცია გახდა. უკრაინის მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტს სახელმწიფო ინტერესები უფრო მაღლა უნდა დაეყენებინა და მთავარსარდალი პოზიციაზე დაეტოვებინა.
პრეზიდენტის გადაწყვეტილება საერთაშორისო მედიამ უკვე შეაფასა, როგორც დიდი რისკი. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ახალ მთავარსარდალს არც უკრაინაში და არც მის ფარგლებს გარეთ არ ენდობიან. მიზეზი კი 2014-15 წლებია, როცა ალექსანდ სირსკის დანაყოფი ოკუპანტების ალყაში მოექცა და დაიღუპნენ. არ მოსწონთ არც მისი წარსული -სამხედრო კარიერა მან სწორედ რუსეთში დაიწყო. თუმცა, სირსკი ახლა პირობას დებს, რომ უკრაინას ოკუპანტთან ბრძოლაში ფრონტზე წარმატებას მოუტანს.
სირსკი არ მოსწონთ რუსეთშიც. კრემლში ის მოღალატედ მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც უკრაინის ახალმა მთავარსარდალმა მოსკოვი დატოვა და კიევში გადავიდა. ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ უკრაინას არც ეს ცვლილებები მოუტანს ომში გამარჯვებას. მისი თქმით, რუსეთს ჯერ თავისი მიზნისთვის არ მიუღწევია და ბრძოლას განაგრძობს.
რუსეთი ომს რომ არ წყვეტს, ამას ყოველდღიურად უკრაინის მიმართულებით გაშვებული რაკეტები და დრონებიც ადასტურებს. ბოლო 24 საათში რუსულმა ძალებმა ხარკოვისა და სუმის ოლქის 11 სასაზღვრო დასახლება დაბომბა. ფრონტზე კი 52 საბრძოლო შეტაკება განახორციელა.
ცეცხლი არ წყდება, თუმცა გარკვეული გარიგებები მაინც იდება - მხარეებმა ტყვეები ისევ გაცვალეს - უკრაინამ რუსეთისგან ასი სამხედრო დაიბრუნა, მათი უმრავლესობა მარიუპოლის მცველები არიან.
პარალელურად, კიევი საერთაშორისო პოლიტიკურ ფრონტზე წარმატებების მიღწევას ცდილობს. ამერიკასთან პირველი შედეგი მიღწეულია -დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, სენატმა თავდაცვის დახმარების ფინანსურ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. თუმცა, პაკეტის საბოლოო ფორმის ჩამოყალიბებას შესაძლოა კიდევ გარკვეული პერიოდი დასჭირდეს, რადგან ის წარმომადგენელთა პალატამაც უნდა დაამტკიცოს.