25 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
სააკაშვილის რჩევა ზურაბიშვილს - როგორ აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში მსჯავრდებული პრეზიდენტის იდეებს

მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა გაჟღერებიდან პირველივე დღეს მოიწონა, ახლა ამბობს, რომ უკეთესი იქნება, თუკი მოქმედი პრეზიდენტი შეხვედრებს ქუჩაში გადაიტანს. ასეთი ადგილი სააკაშვილისთვის რუსთაველის გამზირია, რომელიც მსჯავრდებულის მოსაზრებით, ხალხით შეივსება. მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომიდან დღეს არჩევნებში ჩართვაც დააანონსა.

ყოფილი პრეზიდენტის ორივე წინადადებას იზიარებს მისი პარტია. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ პლატფორმა, რომელიც მათ და სტრატეგია აღმაშენებელს აერთიანებს, არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის ჩართულობით, ოპოზიციურ პარტიებს შორის წამყვანი ძალა იქნება.

ოპოზიციის გამარჯვების გზა, კოლეგებთან სტრატეგიული საკითხების შეთანხმებაზე გადის "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარისთვის, თუმცა ამ თანამშრომლობაში მისთვის წითელი ხაზი, მისივე ყოფილი პარტიაა. ნიკა მელიამ დღეს, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ საუბრობს ყველასთან, თუმცა წინასწარ პოლიტიკური ერთობის დაანონსებას არ აპირებს.

ნიკა მელიას თავის თანამოაზრედ განიხილავს ნიკა გვარამია, რომელიც პარალელურად კონსულტაციებს მართავს ელენე ხოშტარიასთან და ზურაბ ჯაფარიძესთან. მთავარი არხის ყოფილი დირექტორის ინტერესის საგანია პარტია "ლელოც", თუმცა წინასწარ ნიკა გვარამიას თანამშრომლობის საბოლოო კონტურებზე საუბარი უჭირს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ არჩევნებამდე ოპოზიციური სპექტრის ნაწილის გაერთიანება გამარჯვების მთავარი წინაპირობაა. "ლელო" საარჩევნო გაერთიანებაზე ჯერ არავისთან საუბრობს - არც მელიასთან და არც გვარამიასთან, ამ ეტაპისთვის პარტიას დამოუკიდებელი გეგმები აქვს. ოპოზიციის სხვა ნაწილიც მათთან თანამშრომლობას გამორიცხავს, მათ შორის, "ევროპული საქართველოს" ლიდერი.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციის გაერთიანების არაერთი მცდელობის მიუხედავად, მათ გამარჯვების პერსპექტივა არჩევნებზე არ აქვთ. მმართველი პარტია იმ შეხვედრებსაც აფასებს, რომელიც სამი დღეა სალომე ზურაბიშვილთან მიმდინარეობს - ამბობენ, რომ ეს ფაქტი რადიკალურ ოპოზიციასთან პრეზიდენტის თანამშრომლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

ვინ რა ფორმით და ვისთან ერთად გამოვა 2024 წლის არჩევნებზე, ეს ჯერ გაურკვეველია. ცნობილი მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის საერთო პლატფორმაა. სხვა ოპოზიციურ პარტიები თანამოაზრეებს ეძებენ - თუმცა თანამშრომლობის კონტურები გამოკვეთილი არაა. პარალელურად გრძელდება შეხვედრები ათონელის რეზიდენციაშიც.

დღის ამბები