25 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
4 გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი - რუსთავის ბაზარში ხუთ ადამიანს დამიზნებით ესროლეს

რუსთავის ბაზარში, 35 წლის გიორგი ორველაშვილმა ხალხს ცეცხლი ისეთ დროს და ისეთ ადგილას გაუხსნა, სადაც თავდასხმას არავინ ელოდა. ე.წ. "სტამბულის ბაზრობის", აგრარულ სექციაში, სადაც მისი ბიძა და ბიძაშვილი ხორცს ყიდდნენ, ნახევრადავტომატური სანადირო თოფით დაახლოებით დილის 10:30 საათზე შეიჭრა. პირველი სამიზნე სწორედ მისი ოჯახის წევრები იყვნენ. ბიძა ადგილზე მოკლა, ბიძაშვილი მძიმედ დაიჭრა. ამის შემდეგ თავდამსხმელმა არც ის პირები დაინდო, რომლებიც მის სიახლოვეს აღმოჩნდნენ.

თავდამსხმელის ბიძის გარდა მოკლულებს შორის 2 მამაკაცი იმავე ხორცის მაღაზიაში მომუშავე გამყიდველია. რაც შეეხება კიდევ ერთ მსხვერპლს, თვითმხილველები "კურიერთან" ყვებიან, რომ ეს იყო ახალგაზრდა კაცი, ტაქსის მძღოლი, რომელიც ამავე ტერიტორიაზე მუშაობდა და მაღაზიაში ხორცის საყიდლად შევიდა.

სროლის შემდეგ თავდამსხმელმა ტერიტორია დატოვა და მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ რამდენიმე ასეულ მეტრში, ბაზრის გასასვლელთან დააკავა. დაკავების ადგილზე ამოიღეს მკვლელობის იარაღიც.

სროლიდან რამდენიმე წუთში, მახლობლად მდებარე "კლინიკა რუსთავში" მოათავსეს დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი - თავდამსხმელის ბიძაშვილი, რომელიც სამიზნეთა შორის ერთადერთი გადარჩენილია. საფანტის ტყვიისგან მას დაზიანებები თითქმის მთელ სხეულზე აქვს მიღებული. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

თავდასხმის კონკრეტული მოტივი ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის. ვრცელდება არაოფიციალური ვერსიები, რომლის მიხედვით, შესაძლოა, ბიძასა და დისშვილს შორის უთანხმოება ფინანსურ საკითხს, ან სხვა ტიპის პირად კონფლიქტს უკავშირდება. კითხვები ისმის 35 წლის გიორგი ორველაშვილის ფსიქიკურ მდგრადობასთან დაკავშირებითაც. მას ბრალს ორი მძიმე მუხლით წარუდგენენ - დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.

 

 

დღის ამბები