25 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
ეს არის ღია ალიანსი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სალომე ზურაბიშვილს შორის - ირაკლი კობახიძე სააკაშვილის განცხადებაზე

"სალომე ზურაბიშვილმა, პრაქტიკულად, დააანონსა ახალი პარტიის შექმნა და დააანონსა ალიანსი კოლექტიურ "ნაცმოძრაობასთან,"-ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილის ზურაბიშვილისადმი გაკეთებულ მოწოდებას, რომ სახალხო პლატფორმა ქუჩაში გადაიტანოს.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ პოლიტიკურ ძალას წარმატების შანსები არ აქვს.

"ეს არის ღია ალიანსი "ნაციონალურ მოძრაობასა" და სალომე ზურაბიშვილს შორის. სალომე ზურაბიშვილმა, პრაქტიკულად, დააანონსა ახალი პარტიის შექმნა და დააანონსა ალიანსი კოლექტიურ "ნაცმოძრაობასთან". ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი. არც ასე არც ისე ამ პოლიტიკურ ძალას წარმატების შანსები არ აქვს,"- განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, ელის თუ არა მთავრობის მეთაური პროცესების ქუჩაში გადანაცვლებას, კობახიძე პასუხობს, რომ ამის რესურსი არ არსებობს.

"ამის რესურსი არ არსებობს. ჩვენ მთავარია უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა. ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი/ ჩვენ მოვახერხეთ მთელი ამ წლების განმავლობაში ბევრად უფრო რთულ პერიოდში შეგვენარჩუნებინა ამ ქვეყანაში სტაბილურობა და ვპირდებით საზოგადოებას, რომ არავის არ მივცემთ სხვა სცენარით ქვეყანაში პროცესების განვითარების შესაძლებლობას,"-განაცხადა კობახიძე.

ნიკა გვარამიას მიერ ახალი პარტიის შექმნასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს შიდა გადათამაშებაა და "ქართულ ოცნებას" კი 60%-იანი რეიტინგი და ძალიან მყარი პოზიციები აქვს.

"ეს არის შიდა თამაშები, შიდა გადათამაშება. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიციები წინასაარჩევნოდ -60%-მდეა ჩვენი რეიტინგი. მთავარია შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება,"-განაცხადა კობახიძემ.

 

დღის ამბები