25 ნოემბერი 2024,   16:53
ვრცლად
მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის სრულად დაძლევა - ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს პრემიერობის კანდიდატის რანგში პროგრამა გააცნო

მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის სრულად დაძლევა, ირაკლი კობახიძის მთავრობის მთავარი გამოწვევა იქნება.

ირაკლი კობახიძემ, რომელმაც დეპუტატებს პრემიერობის კანდიდატის რანგში პროგრამა გააცნო, თქვა, რომ როგორც 2024 წლის ბოლომდე, ისე მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ხელისუფლება ამ კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს. პრემიერობის კანდიდატმა გასული 3 წლის განმავლობაში არსებულ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ტენდენციაზეც ისაუბრა. თქვა, რომ ქვეყნის საგარეო ვალის 39.5 პროცენტამდე, ბიუჯეტის დეფიციტის 2.5 პროცენტამდე და ინფლაციის 1 პროცენტამდე შემცირებამ პოზიტიური პროგნოზების გაკეთების რეალური შესაძლებლობა გააჩინა.

ამბიციური პოლიტიკური გეგმების განსახორციელებლად, პრემიერობის კანდიდატმა იმ პოზიტიურ სტატისტიკურ მონაცემებზეც ისაუბრა, რომელსაც ქვეყანამ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მოსვლიდან დღემდე მიაღწია.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სისტემებში ინტეგრირება ირაკლი კობახიძის მთავრობის უმთავრესი საგარეო პრიორიტეტი იქნება. ცალკე დრო დაუთმო პრემიერობის კანდიდატმა საგარეო ხედვაზე საუბარს. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა - კობახიძის მთავრობისთვის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა იქნება.

ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამაზეც ისაუბრა, რომელიც 2025-28 წლების სამთავრობო პროგრამის წინაპირობა უნდა გახდეს. კობახიძის თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ 2028 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა ერთ სულ მოსახლეზე 38 000 დოლარს მიაღწიოს. პროგრამის წარდგენა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და უმრავლესობის ყოფილმა ლიდერმა საპარლამენტო საქმიანობაზე საუბრით და კლებისადმი მადლობით დაიწყო.

ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში კანონმდებლებს სამთავრობო პროგრამას, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში აცნობდა.

დღის ამბები