25 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
"ლელოები" და გახარიები ძალიან ნაწყენები არიან, რომ ვერ დაიკავეს სპიკერის ადგილი, დრამა მოაწყვეს იმისთვის, რომ თინა ბოკუჩავა რატომ დანიშნეთო - ალექსანდრე რაქვიაშვილი

პარლამენტში მიმდინარე სხდომას, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას ოპოზიცია უსმენს, არ ესწრებიან პარტია "ლელოს" და "საქართველოსთვის" დეპუტატები. გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის პარტიების განმარტებით, მონაწილეობას არ მიიღებენ შეხვედრაში, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ხელმძღვანელობს. "ლელო" მინისტრთა კაბინეტთან დამოუკიდებლად შეხვედრას ითხოვდა.

პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი აკრიტიკებს გადაწყვეტილებას, რომ ოპოზიციასთან მხოლოდ ერთი შეხვედრის გამართვაა დაგეგმილი.  

"რეგლამენტი მოითხოვდა, რომ შეხვედრა გამართულიყო ყველა შესაბამის პოლიტიკურ ჯგუფთან და ფრაქციასთან. მათ გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართოს ოპოზიციასთან. თუ იქნებოდა შესაძლებლობა ცალკე პოლიტიკური ჯგუფის შეხვედრის, ცხადია, რომ ჩვენ გვექნებოდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი, მაგრამ ეს არ მოინდომა ქართულმა ოცნებამ. ირაკლი კობახიძემ გადაწყვეტა, რომ მთელი ოპოზიცია ერთად უნდა დასხდეს და ყველას ერთად უნდა ეძახოს ნაციონალური მოძრაობა და სატელიტები," - აცხადებს სალომე სამადაშვილი. 

ამ საკითხზე, "გირჩის" ინფორმაციით, ოპოზიციაში რამდენიმე დღეა დაპირისპირებაა, რადგან ოპოზიციურ ფორმატში სხდომის წაყვანა "ლელოს" ან გახარიას გუნდს სურდა, თუმცა არჩევანი თინა ბიკუჩავაზე გაკეთდა.  

"ლელოები და გახარიები ძალიან ნაწყენები არიან, რომ ვერ დაიკავეს სპიკერის ადგილი. დრამა მოაწყვეს იმისთვის, რომ თინა ბოკუჩავა რატომ დანიშნეთო. არ ვიცი, ვინ უნდოდათ ლელოს ან გახარიებს. რადგან თინა ბოკუჩავა ოპოზიციის ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოდერატორია, დაარქვეს ამას ნაცების შეკრება და არ მოვიდნენ. ეს ძალიან სასაცილოა და კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ლელო და გახარიები გამოირჩევიან, რომელთაც არანაირი იდეა არ აქვთ, ცარიელი ადგილია და ასეთ რაღაცებს აქცევენ ყურადღებას. სასესიო დარბაზში ჩვეულებრივად დასხდებიან ნაცების გვერდზე. ნაცებს ვთხოვე, რომ გვერდზე ჩამოუსხდნენ და მაშინ მაინტერესებს, ხომ არ გაიქცევიან დარბაზიდან, იქნებ მართლა ალერგია აქვთ ნაცებზე," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი.

 

 

 

დღის ამბები