25 ნოემბერი 2024,   16:18
ვრცლად
"ეკონომისტი" მიხეილ სააკაშვილზე - როგორი შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში

"ნიუ იორკ სანის", "პოლიტიკოს", "გარდიანისა" და "შპიგელის" შემდეგ "ეკონომისტი" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე და მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე ამჯერად გადაუმოწმებელ და მხოლოდ ერთი მხარის პოზიციით გაჯერებულ სტატიას ყოველკვირეული ბრიტანული გამოცემა აქვეყნებს.  

ბრიტანული გამოცემა "ეკონომისტის" ინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო რომ გიორგი ჩალაძე იყო, ამას თავადაც ადასტურებს. მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ჟურნალისტ "ვენდელ სტივენსოსნს" მასალები პირადად მიაწოდა. ვრცელ პუბლიკაციაში, რომლის მთავარი გმირიც სწორედ სააკაშვილია, ყველაზე დიდი დრო მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეთმობა.

მასალაში რეპორტიორი თითქმის იდენტურად იმეორებს ოპოზიციის მხრიდან პატიმარი ექს-პრეზიდენტის შესახებ გაკეთებული განცხადებების შინაარსს. ამბობს, რომ სააკაშვილი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, რომლის უკანაც მოქმედი ხელისუფლება დგას. ბრალდების მიუხედავად, სტატიაში არსად ჩანს მმართველი პარტიის პოზიცია და არც ის, რომ სტივენსონი მოპასუხე მხარის კომენტარით დაინტერესდა.

ყოველკვირეული ბრიტანული გაზეთი მტკიცებით ფორმაში ყვება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მიზანმიმართულად აუარესებდნენ. იმეორებს ექს-პრეზიდენტის ოჯახის ნდობით აღჭურვილი ცენტრ "ემპათიას" დასკვნების შინაარსს და ე.წ. დასხივების მცდელობის შესახებ ჩალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

"ეკონომისტის" ინფორმაციას ჰიბრიდული ომის ნაწილად მიიჩნევენ მმართველ პარტიაში. ოცნებაში არ უკვირთ, რომ მასალის მომზადების დროს მათ არავინ დაკავშირებია. სახელისუფლებო გუნდის წევრების თქმით, სტატია "ცენტრ ემპათიას" ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის და ნაცმოძრაობის წევრებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა, რაც ფაქტობრივად ადასტურებს, რომ ის შეკვეთილია.

ცენტრი "ემპათიას" დირექტორი ბრიტანელ ჟურნალისტთან რაიმე სახის კომუნიკაციას უარყოფს. ნაციონალურ მოძრაობაში კი ბრალდებას შეკვეთილი პუბლიკაციის შესახებ არასერიოზულს უწოდებენ. სააკაშვილის პარტიაში, "ეკონომისტის" მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დარღვევა პრობლემად არ მიაჩნიათ.

"ნაცმოძრაობისა" და სააკაშვილის ოჯახის მხრიდან, საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ ქვეყნის იმიჯის დაზიანების მცდელობას არ გამორიცხავენ სხვა ოპოზიციურ პარტიებში. მათი თქმით, მსგავსი ქმედებები ექს-პრეზიდენტის საქმეზე უკუეფექტს ახდენს. საერთო ჯამში კი ამ პროცესით ოპოზიციური სპექტრიც ზარალდება.

სტატიაში, სადაც ბრალდების ობიექტებს პასუხის შესაძლებლობა არ მიეცათ, სააკაშვილის მდგომარეობის გარდა, საუბარია ხელისუფლების საგარეო ვექტორის ცვლილებაზე. ჟურნალისტი კი ნეგატიური ცვლილებების ავტორად "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს მოიხსენიებს. თუმცა, აქაც ტექსტი მხოლოდ ბრალდებებს მოიცავს ივანიშვილის და ხელისუფლების პოზიცია კი არსად ჩანს. "ნაციონალური მოძრაობის" ტაქტიკას მარცხისთვის განწირულად მიიჩნევენ საპარლამენტო უმრავლესობაში. დეპუტატებმა დღეს წარსული და სხვა გამოცემების შეკვეთილი სტატიებიც გაიხსენეს, რომელიც ამერიკულ "ფარაზე" გამოქვეყნებული დოკუმენტებით უკვე ოფიციალურადაც დადასტურდა.

"ნიუ იორკ სანი", "პოლიტიკო" , გარდიანი, შპიგელი - ეს იმ გავლენიანი მედიასაშუალებების არასრული სიაა, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ქვეყნის იმიჯის დაზიანების მიზნით შეკვეთილი სტატიები უკვე დაიბეჭდა. ლობისტურ საქმიანობაში, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახს მხოლოდ კომპანია "აკერმანისთვის" მილიონ დოლარზე მეტი აქვს გადახდილი.

დღის ამბები