საქართველოში საჰაერო ბურთით მსოფლიო რეკორდის დამყარების მცდელობა ტრაგედიით დასრულდა. გადაკვეთე საქართველო დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე – ამ პროექტის ფარგლებში საჰაერო ბურთს ფოთიდან კახეთამდე, 400 კილომეტრიანი მარშრუტი უნდა დაეფარა.
ისტორიული ფრენა ასურეთთან ტრაგედიით დასრულდა. ამ ადგილას აეროსტატი მაღალი ძაბვის ხაზებს შეეჯახა. საფრენ აპარატზე მყოფი სამივე ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცველები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. გამოძიება არკვევს, თუ რა გახდა ტრაგედიის მიზეზი.
რევაზ უთურგაური კომპანია "სქაი თრეველის" დამფუძნებელია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ის აეროსტატით ფრენებს 2005 წლიდან, ავიაციის სააგენტოს შესაბამისი ნებართვის საფუძველზე ახორციელებდა. აერონავტიკაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული აქვს მასთან ერთად გარდაცვლილ პოლონელ პილოტსაც, რომელიც საქართველოში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა.
პილოტებთან ერთად ისტორიულ ფრენაში მონაწილეობდა ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომელი მიშო ბიძინაშვილიც. პროფესიონალი ოპერატორი რეკორდული მარშრუტის კადრებს ვიდეოკამერით იღებდა, თუმცა ის აეროსტატის პილოტებთან ერთად ტრაგედიის ადგილზევე გარდაიცვალა.
ასურეთთან მომხდარ ტრაგედიას დღეს პრემიერ მინისტრობის კანდიდატიც გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძემ გარდაცვლილი ოპერატორის და პილოტების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
გარდაცვლილთა ცხედრები ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს. გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.