25 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
ტრაგედია ბაღდათში - სოფელ ნერგეეთში, მეწყერმა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

მეორე დღეა საქართველოს დიდი ნაწილი სტიქიის ზონაა. ყველაზე დიდი ტრაგედია წუხელ ბაღდათში, სოფელ ნერგიეთში დატრიალდა.

მდინარის ნაპირთან , ფერდობზე სადაც 4 სახლი იდგა და ოჯახები ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ ახლა ტრაგედიის ადგილი და სამძებრო ოპერაციის პოლიგონია. მაშველები მეწყერის შედეგად ჩამოშლილი მიწის მასაში პერიოდულად ცხედრებს პოულობენ. სტიქიის მომენტში აქ 10 ადამიანი იყო, მათ შორის მცირეწლოვნები. პირველი გადარჩენილი ნანგრევებში მალევე იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივები გადარჩენილების პოვნის იმედს არ კარგავენ.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი დაახლოებით ღამის 1 საათზე ჩამოწვა. ადგილზე ძებნის სამუშაოები მყისიერად დაიწყო და ამ დრომდე უწყვეტად გრძელდება. ეტაპობრივად მოხდა 200-ზე მეტი მაშველის, ასევე მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლების და სპეციალური საშუალებების მობილიზება. სამუშაოებში ჩართეს მძიმე ტექნიკაც, რომელიც საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეციალისტების მითითებებით მუშაობს.

სამაშველო ოპერაციის პარალელურად ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების საზრუნავი ახლა სოფლის იმ მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვაა, რომლებსაც შესაძლოა მდგომარეობის საბოლოოდ შეფასებამდე სტიქიის განმეორების საფრთხე ემუქრებოდეთ. პირველადი დასკვნების მომზადების შემდეგ მათ დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელს შესთავაზებენ.

სოფელ ნერგეეთში ჩავიდნენ პარლამენტის წევრებიც. მათი მიზანი პირველ რიგში სამძიმრის გამოხატვა, და ასევე იმის გარკვევა იყო რამდენად უსაფრთხოა სოფელში დარჩენა .

სტიქიის ზონის და მიმდებარე ტერიტორიების კვლევას გეოლოგები ამ დრომდე განაგრძობენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მეწტყერი უხვმა ნალექმა განაპირობა. კერძოდ გასული 3 დღის განმავლობაში მოსული ნალექი მთლიანი თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა.

დაღუპულების ცხედრები, რომლებიც მაშველებმა სტიქიის ზონაში იპოვეს ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული. სამძებრო სამუშაოები იმ დრომდე არ დასრულდება ვიდრე ყველა დაკარგულს არ იპოვიან.

დღის ამბები