დასავლეთ საქართველოში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად რკინიგზის მოძრაობა შეჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზუგდიდი-თბილისის, ბათუმი-თბილისის და თბილისი-ფოთის რეისებზე მოძრავი შემადგენლობები საწყის სადგურებში დაბრუნდებიან.
"უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწვა მეწყერი და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას, კონკრეტულად ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის სადგურებში.
აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე", - აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.