25 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
ბრალდება "ლელოს" ლიდერებს - მმართველი პარტიის წევრები ხაზარაძე-ჯაფარიძის მხრიდან მორიგ სავარაუდო ფინანსურ მაქინაციაზე საუბრობენ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მმართველი პარტიის ლიდერები ხაზარაძე-ჯაფარიძის მხრიდან მორიგ სავარაუდო ფინანსურ მაქინაციაზე საუბრობენ. საქმე ეხება "ლისი ლეიქ დეველოპმენტის" მიერ, ფასიანი ქაღალდების გაყიდვამდე, კომპანიის ფინანსური ანგარიშების გაზრდილ მაჩვენებელს, რამაც ობლიგაციების ფასიც გაზარდა. დეველოპმენტის ფინანსები, რომლის სამეთვალყურეო საბჭოშიც ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრები შედიან, თავდაპირველად აუდიტორულმა კომპანია "გრანდ ტორნთონმა" შეისწავლა. თუმცა მალევე გაირკვა, რომ კომპანიის მარაგები, საოპერაციო მოგება, ერთჯერადი დანახარჯები - თითქმის 60 პროცენტით აღემატებოდა რეალურ ნიშნულს. სახელისუფლებო პარტიაში ამ ფაქტს თაღლითურ სქემას უწოდებენ და ამბობენ, რომ რეალური შეფასება გამოძიების პრეროგატივაა.

რატომ შეფასდა კომპანიის აქტივები გადაჭარბებული ღირებულებით - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღეს "გრანდ ტორნთონში" არ ისურვეს. "კურიერის" კითხვებს აუდიტორული ფირმის ხელმძღვანელმა არ უპასუხა.

აუდიტორული შესწავლის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები აღიარეს "ლისი დეველოპმენტში". კომპანია, რომელმაც ობლიგაციები თითქმის გაორმაგებული ფინანსური მონაცემების ფონზე გაყიდა, დღეს ამბობს, რომ მზადაა მფლობელებს ემისირებული თანხები დაუბრუნოს. გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი, რამ გამოიწვია შეცდომა, რომელმაც ობლიგაციების მეპატრონეები სავარაუდოდ სოლიდურად აზარალა.

"ლისი დეველოპმენტის" ირგვლივ გაჩენილ კითხვებსა და ბრალდებებზე პასუხს ბადრი ჯაფარიძემ დღეს თავი აარიდა. "ლელოს" ლიდერმა სრული პასუხისმგებლობა, მის ოჯახთან ასოცირებულ კომპანიას დააკისრა. პოლიტიკოსი საქმესთან მისი და მამუკა ხაზარაძის კვეთას ვერ ხედავს.

"ლელოს" დამფუძნებლების ირგვლივ დაწყებულ მორიგ ფინანსურ სკანდალზე საუბრისგან ოპოზიციის დიდი ნაწილი თავს იკავებს. მხოლოდ "გირჩში" ფიქრობენ, რომ სავარაუდო თაღლითობაზე მეტად ამ ფაქტით მტკიცდება ის, რომ ყოფილი ბანკირების გუნდში მათემატიკური კალკულაცია უჭირთ.

უფრო მკაცრი იყო შეფასებებში საპარლამენტო უმრავლესობა. კანონმდებლები "ლელოს" ლიდერის არაკეთილსინდისიერებაში დარწმუნებულები არიან. რასაც, მათი თქმით, 17 მილიონის საქმეზე სასამართლოს მიერ თაღლითობის მუხლით გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენიც ამტკიცებს. უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ "ლისიდან" მიღებული სავარაუდოდ არალეგალური შემოსავალი "ლელოს" მოხმარდა.

2022 წლის იანვარში "ლელოს" დამფუძნებლები სასამართლომ ჯგუფურ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში დამნაშავედ ცნო. განაჩენი 2023 წლის 26 იანვარს უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. დაიწყება თუ არა მორიგი გამოძიება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სახელთან დაკავშირებული კომპანიის ფინანსურ საქმიანობაზე, უცნობია.

დღის ამბები