ჟურნალისტს, "პრაიმტაიმის" რედაქტორს შორენა სურმანიძეს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. ჩვენი კოლეგა ამ სენთან ბრძოლას მეორედ იწყებს და მას გვერდში დგომა სჭირდება.
შორენა მკურნალობის დაწყებამდე ძვირადღირებულ კვლევებს იტარებს, რისთვისაც მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსია საჭირო.
დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ ჩარიცხონ შემდეგ ანგარიშებზე:
ანგარიშის ნომერი:
საქ.ბანკი: #GE17BG0000000161816680
თიბისი ბანკი: #GE47TB7970845061100094
შორენა სურმანიძემ საკუთარი დაავადების შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა, დაწერა წლების წინ დაავადების ერთხელ დამარცხების და ახალი ბრძოლის დაწყების შესახებ.
ამ ბრძოლიდან, ის ერთხელ უკვე გამოვიდა გამარჯვებული, წინ კი მეორე რაუნდია.
"..არ ვიცი, რატომ გადამეკიდა, რა ვერ დავუმტკიცე... მაგრამ, პირველი გამარჯვების შემდეგ, უკვე მეორედ, მძიმე სენმა ომი გამომიცხადა...
თავი ცუდ სიზმარში მგონია, მაგრამ ნელ-ნელა ვფხიზლდები და ვფიქრობ, რომ ეს მორიგი გამოწვევაა ცხოვრებისგან, რომელიც ამაყად უნდა მივიღო... არ მაქვს უფლება, თავი დავუხარო...
როცა დიაგნოზის შესახებ გავიგე (ავთვისებიანი სიმსივნე - კარცინომა), არ დაგიმალავთ და გავტყდი... ვთქვი, რომ არ ვიბრძოლებდი, რომ ძალიან დავიღალე... შემდეგ კი, როცა გონს მოვედი, ამ სუსტ გოგოს იმ ძლიერი გოგოსი შერცხვა, რომელიც ძალიან პატარა, 12 წლისა ებრძოდა ვერაგ დაავადებას (ჰოჯკინის ლიმფომას), რომელმაც 14 წელი იბრძოლა და დაამარცხა; იმ გოგოსი შერცხვა, რომელიც სხვებს აიმედებდა, ანუგეშებდა და ეუბნებოდა, რომ ფარ-ხმალი არ უნდა დაეყარათ, უნდა ებრძოლათ... რომ სიმსივნე განაჩენი არ არის!
და ადრე ნათქვამი სიტყვები გაახსენდა: „მე რომ დამჭირდეს იმავე გზის გავლა, თავიდან დავიწყებო“ - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ჰოდა, იწყებს!
ისიც ვიცი, რომ დღეს, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანია ამ ომში. ძალიან ბევრი ქალი ვიცი, ვინც ძუძუს კიბო დაამარცხა და დღეს სხვებისთვის არიან მაგალითები! ჩემთვის მისაბაძი, ძლიერი ქალები...
ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ვერ საუბრობს საკუთარი პრობლემის შესახებ...
მინდა გითხრათ, არასდროს მოგერიდოთ საკუთარი დიაგნოზის, არაფერია დასამალი. გავხდებით თუ არა ავად, ამას ჩვენ არ ვწყვეტთ
მინდა იმ ადამიანებს ვუთხრა, ვინც ახლა მედგრად დგას მძიმე სენის პირისპირ, უნდა იამაყოთ საკუთარი თავით! ძალიან ძლიერები ხართ! მე ვიცი, უკვე მეორედ, რა ძალა უნდა ამ დროს ადამიანს და მივხვდი იმასაც, რომ არაფერია სიცოცხლის სურვილზე ძლიერი... ყველაფერს გაგაკეთებინებს, მთებს გადაგადგმევინებს... (მთების გადადგმა კი ნამდვილად გჭირდება, იმდენად რთული და კომპლექსური საკითხებია მოსაგვარებელი ამ სენთან საბრძოლველად)
როცა ხედავ, რომ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი ხარ, რომ ეს ყველაფერი ძალიან გეძვირფასება და გინდა დიდხანს იყოს, სწორედ ამისთვის უნდა იბრძოლო...
მით უფრო მაშინ, როცა, საყვარელი, თბილი, მზრუნველი, მზიანი ადამიანები მრავლად არიან შენ გარშემო...
P.S. ახლახან ჩავერთე ამ ომში, ჯერ კვლევების ეტაპზე ვარ და ვიცი, რომ წინ დიდი და ბურუსით მოცული გზაა, თუმცა, იმედი მაქვს, ყველაფერი დალაგდება... იმედი მაქვს, კარგ ექიმებს ვიპოვი, ისევე, როგორც წლების წინ, ჩემი სიცოცხლის სადარაჯოზე დასადგომად, რა თქმა უნდა, ჩემ განწყობასთან ერთად!
P.P.S. ქიმიების, სხივური თერაპიებისა და ქირურგიული ჩარევების სირთულეზე რომ არაფერი ვთქვა, რაც უკვე გამოცდილი მაქვს, ვიცი, რომ შევიცვლები და აღარ ვიქნები ისეთი, როგორიც ახლა ვარ, თმაც გამცვივდება და თვალებიც ჩამიქრება, დროებით. მაგრამ როცა ყველაფერი დასრულდება, ახლიდან დავიბადები...
მე არ ვნებდები! რა შედეგიც უნდა დადგეს, ამის მიუხედავად, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. არ დანებდეთ თქვენც! მკურნალობასთან ერთად, განწყობა უმთავრესია, უმნიშვნელოვანესი! ყველას გამარჯვებას გისურვებთ ამ ვერაგ დაავადებაზე," - წერს შორენა სურმანიძე.