კუთვნილი ჰონორარი 3 თვეში ერთხელ, ისიც - მიზერული - სად მიდიოდა კომპოზიტორების, მომღერლებისა და სხვა სფეროს ხელოვანთა კუთვნილი ათიათასობით ლარი?! - ამ კითხვას ახლა პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. საავტორო უფლებების დაცვის ასოციაცია, რომელსაც ავტორიზაცია შეჩერებული აქვს, 3 დღეა, სამართალდამცველთა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. გიგა კობალაძის მუშაობით უკმაყოფილო ხელოვანებმა ფინანსთა სამინისტროსაც კი მიმართეს, რის შემდეგაც კოსტავას 63 ნომერში ჩხრეკა 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საგამოძიებო უწყებაში გიგა კობალაძე უფლებადამცველთან ერთად მივიდა. მედიის კითხვები უპასუხოდ დატოვა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შესვლამდე, კომენტარი მისმა ადვოკატმა გააკეთა. თანხების შესაძლო გაფლანგვასთან დაკავშირებით, მალხაზ სალაყაიას გამოძიების ობიექტურად წარმართვის იმედი აქვს.
საპირისპიროს ამტკიცებენ საჩივრის ავტორები, რომლებმაც დღეს ღია წერილიც გაავრცელეს. მას ხელს 400-ზე მეტი ხელოვანი აწერს. ავტორ-შემსრულებლები, გიგა კობალაძის ხელმძღვანელობის პერიოდში, საავტორო უფლებების ასოციაციაში არსებულ უსამართლობაზე საუბრობენ. მათ შორის - თავიანთი კუთვნილი თანხების მითვისებასა და გაფლანგვაზე. ამბობენ იმასაც, რომ, საკუთარი დანაშაულის გადასაფარად, კობალაძე ხელოვანთა შორის დაპირისპირებას აღვივებს.
ხელოვანების უმთავრესი უკმაყოფილება, წლების განმავლობაში, მათი კუთვნილი თანხების შესაძლო მითვისებას უკავშირდება. კულტურის სფეროს წარმომადგენელთა თქმით, ჰონორარს 3 თვეში ერთხელ იღებდნენ, თანხა კი მიზერული იყო. ფაქტების დოკუმენტურ მტკიცებულებას "კურიერს" გია მაჭარაშვილი უზიარებს.
გაცილებით მაღალი იყო, მიხეილ რამიშვილის თქმით, გიგა კობალაძის შემოსავალი. ადვოკატი და მუსიკოსი გვიყვება, რომ კობალაძე ხელოვანებზე, უკვე რამდენიმე თვეა, აღარ ზრუნავს. ხელოვანებმა კი ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია -"აი პი ოუ ეი" ჩამოაყალიბეს.
საავტორო უფლებათა ასოციაციისა და ხელოვანების დაპირისპირება რამდენიმე წელია გრძელდება. საგამოძიებო უწყებაში შესულია არაერთი კოლექტიური და ინდივიდუალური საჩივარი. სწორედ ამას უკავშირდება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიებაც.