25 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
3 დღეში საქართველოს ახალი პრემიერი და თავდაცვის ახალი მინისტრი ეყოლება - როგორ მიმდინარეობდა დღეს მინისტრობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა საპარლამენტო ტრიბუნა დღეს სულ სხვა სტატუსით დაიკავა. ირაკლი ჩიქოვანი საკანონმდებლო ორგანოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში მინისტრის სტატუსით გადასასვლელად ემზადება. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თავდაცვის უწყება უნდა გადაიბაროს. ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ნატო-სთან ურთიერთობა და, რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობა. ირაკლი ჩიქოვანის გამოსვლა, პარლამენტის 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ყველაზე ხანგრძლივი იყო. მომავალი მინისტრი ამბობს, რომ თავდაცვის უწყებაში პრიორიტეტები მისთვისაც უცვლელი რჩება.

რას შეცვლის ჩიქოვანი, როგორც თავდაცვის მინისტრი და როგორი იქნება მისი, როგორც ჯარზე პასუხისმგებელი პირის დამოკიდებულება მთავარსარდლისა და ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ? ეს და სხვა კითხვები დაისვა დღეს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატთან.

კიდევ ერთი ძალოვანი, რომელსაც დეპუტატებმა მოუსმინეს, ვახტანგ გომელაური იყო. ტრეფიკინგთან, დანაშაულთან ბრძოლისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით, საქართველოს როლის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე სოციალური პროექტები - მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, თავისი გამოსვლის დროს, ყურადღება სწორედ ამ მიმართულებებზე გაამახვილა. ვახტანგ გომელაურის თქმით, პარლამენტს მალე სამინისტროს მიერ შემუშავებული ინიციატივები წარედგინება, სოციალური მიმართულებით კი უწყება ყოფილი სამართალდამცველების პენსიის გამოანგარიშების კოეფიციენტებს ცვლის. პირველად, იგეგმება კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის პენსიის მაქსიმალური ზღვრის შეცვლაც და ლიმიტი 560 ლარიდან 1000 ლარამდე მოიმატებს. შინაგან საქმეთა მომავალი მინისტრი მზადაა, თითქმის 10-წლიანი მინისტრობის პირობებში, უწყებას სათავეში კიდევ ერთხელ ჩაუდგეს.

მინისტრობის კანდიდატის სიტყვით გამოსვლას დარბაზში ოპოზიციის ნაწილის რეპლიკა მოჰყვა. გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე ხმაურის ინიციატორები, ძირითადად, "ლელოს" წარმომადგენლები იყვნენ. სალომე სამადაშვილის გამოსვლას დარბაზშივე უპასუხეს "ოცნების" დეპუტატებმა, საბოლოოდ კი, ოპოზიციონერ დეპუტატს, მანდატურის საშუალებით, დარბაზი დაატოვებინეს.

მძიმე ფსიქოტროპული საშუალებებისა და ნარკოტიკების რეალიზაცია, საზღვრისპირა სოფლებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრება და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 უწყებად გაყოფა - ოპოზიციის ნაწილმა გომელაურთან კითხვები არ მიმართულებით დასვა. 

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის გაკვირვება დღეს იმან გამოიწვია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის თემით არ აქტიურობდა. სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულებები და იქ არსებული ვითარება იყო მინისტრის გამოსვლის დროს ძირითადი ნაწილი.

პარლამენტის 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 3 უწყების მომავალ ხელმძღვანელს 5 საათზე მეტის ხნის განმავლობაში უსმენდნენ. ოთხივე კომიტეტმა მთავრობის წევრებისთვის ნდობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.

დღის ამბები