სუს-ის მიერ გავრცელებულ ფარულ კადრებში, რომელიც ბათუმშია გადაღებული, ჩანს ორი მამაკაცი, რომლებიც კონკრეტულ ნივთებს ავტომობილში ანაწილებენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ნივთები, ელექტროავტომობილისთვის განკუთვნილი აკუმულატორებია, რომლებიც, გამოძიების ვერსიით, კონტეინერის ფუნქციას ასრულებდნენ და მათში ექვს ერთეულ ასაფეთქებელ მოწყობილობას მალავდნენ. ირკვევა ისიც, რომ ამანათი საქართველოს ტერიტორიაზე სარფის გამშვები პუნქტის გავლით მოხვდა და მისი გატანა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იგეგმებოდა.
კონტრტერორისტულმა ცენტრმა კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებები დაგეგმა. ფარული საგამოძიებო მოქმედებით, გამნაღმველების ჯგუფმა კონტეინერებიდან ასაფეთქებელი ნივთიერება - "სი 4" ამოიღო, მის ნაცვლად მულაჟი მოათავსა და კონტეინერებს პირვანდელი ვიზუალური მდგომარეობა დაუბრუნა.
დამკვეთებისა და სხვა პირების გამოვლენად, ასაფეთქებელი მოწყობილობების მიზნობრიობის დასადგენად, სახელმწიფო უსაფრთხოების სასხურის თანამშრომლები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდნენ, სქემაში ჩართული იყო საქართველოს 7, უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე.
თავდაპირველი მარშრუტით, საქართველოში სარფის საბაჟო გამშვები პუნქტიდან შემოსული ასაფეთქებელი ნივთიერები, საკონტროლო გამშვები პუნქტის - დარიალის გავლით, რუსეთის ფედერაციაში, კონკრეტულად ვორონეჟში უნდა მოხვედრილიყო. მოგვიანებით, დამკვეთმა გემა შეცვალა და ერთი კონტეინერი, სამი ასაფეთქებელი მოწყობილობით, თბილისში, კონკრეტულ მისამართზე დატოვეს.
წარმოშობით ბათუმელი შარაშიძე, უკრაინის მოქალაქე და ზელენსკის პარტიის წევრია. 2020 წელს ზელენსკის პარტია, "ხალხის მსახურიდან," ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას, კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატიც იყო. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს ფარგლებს გარედან, სწორედ შარაშიძე უწევდა მეთვალყურეობას ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილებას და მისთვის ცნობილი იყო მანქანის აკუმულატორებში ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები შეიცავდა სამხედრო წარმოების პლასტიკურ ასაფეთქებელ ნივთიერებას - "სი-4-ს". მისი მოქმედებაში მოყვანა შესაძლებელია ელექტროდეტონატორისა და სპეციალური ტაიმერის საშუალებით, რომელიც 2 საათის შემდეგ აფეთქების რეჟიმზე იყო დაპროგრამებული. ასაფეთქებელი ნივთიერების საერთო წონა 14 კილოგრამს აღწევს. კონტეინერებში ასევე მოთავსებული იყო 6 ერთეული დეტონატორი და 6 ერთეული სპეციალური გასაღები. მოწყობილობა აფეთქებისა და დაზიანების ფართო რადიუსზე იყო გათვლილი.
გამოძიება ვარაუდობს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების ტრანსპორტირებაში საქართველოს ტერიტორიის გამოიყენება და ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების ჩართვის მიზანი იყო ის, რომ ქვეყანას ამ სქემის განხორციელება და დაგეგმა დაჰბრალებოდა.
სახელმწიფო უსაფროების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილის აგრძელებს, თუმცა, შესაძლოა, კვალიფიკაცია შეიცვალოს და გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების მუხლით გაგრძელდეს.