25 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
"წონაში მოიმატა, საკვებსა და მედიკამენტებს რეგულარულად იღებს, უჯერებს ექიმებს" - რას აცხადებს ექიმების კონსილიუმი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის წევრი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. ექსპერტთა ჯგუფმა, რიგით მე-9 დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია და მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. სპეციალისტების შეფასებით, დადებითი დინამიკაა წონის მიმართულებითაც, თუმცა კვლავ რჩება კუნთების სისუსტე, შფოთვა და დეპრესია.

სააკაშვილის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე საუბრობს "ვივამედის" კლინიკური დირექტორიც. ზურა ჩხაიძის თქმით, ექსპრეზიდენტს მკურნალობა საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისად უტარდება, პროტოკოლთან დაკავშირებით კი პრეტენზიები არც სახალხო დამცველთან არსებულ კონსილიუმს ჰქონია.

დადებითი დასკვნის მიუხედავად, ექსპრეზიდენტის ოჯახი ისევ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს. უფრო მეტიც, გიული ალასანია ამტკიცებს, რომ თავისი შვილი უდანაშაულოა და ის თავისუფალი უნდა იყოს.

ყოფილი პრეზიდენტის დედას დღეს იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილის დანაშაულები და ის სისხლის სამართლის საქმეები შეახსენა, რომლის გარკვეულ ნაწილზე ექსპრეზიდენტი მსჯავრდადებულია, ნაწილზე კი სასამართლო პროცესები ჯერ არ დასრულებულა.

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიუხედავად, სააკაშვილის პარტიაშიც ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტი მსხვერპლია და ის სასჯელს უსამართლოდ იხდის.

მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობენ მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტმა კანონის წინაშე პასუხი სრულად უნდა აგოს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის 5 საქმეზე აქვს წარდგენილი. სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეების განხილვა დასრულებულია. 7 ნოემბრის, საზღვრის უკანონო კვეთისა და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაზე კი პროცესები ისევ გრძელდება.

დღის ამბები