ადვოკატი ადასტურებს, რომ, ქოლცენტრების საქმეზე, შესაძლოა, დაკავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. მალე საგამოძიებო ორგანოში ელოდებიან ოთარ ხიზამბარელს, რომელიც საქმის მასალებში თაღლითური კომპანიის დამფუძნებლად არის მოხსენიებული. ადვოკატი ამბობს, რომ, ამ ეტაპზე, ხიზამბარელს ბრალი ოფიციალურად წარდგენილი არ აქვს და არც ის იცის, თუ რას საქმიანობდა კომპანია სახელწოდებით “ოთო და ბიჭები“.
ქოლცენტრების საქმეზე ჩატარებული სპეცოპერაციების დროს უკვე დაკავებულია 7 პირი. სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს მათი საცხოვრებელი სახლები და ოფისები. ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და დოკუმენტაცია.
“კურიერი“ დღეს იმ ოფისებში იმყოფებოდა, სადაც, გამოძიების ინფორმაციით, თაღლითური ქოლცენტრები ფუნქციონირებდა. ირკვევა, რომ ყველა ეს დაწესებულება განსაკუთრებული სიფრთხილით და კონსპირაციულად მუშაობდა.
თაღლითური ქოლცენტრების მრავალტომიან საქმეში არაერთი მტკიცებულება დევს. მათ შორის - აუდიო ჩანაწერები, რომელიც "კურიერი PS-მა" ექსკლუზიურად მოიპოვა და სადაც კარგად ისმის, თუ როგორ სძალავენ თბილისში მდებარე ქოლცენტრიდან დიდი ოდენობით თანხებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.
მტკიცებულებებზე დაყრდნობით, თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში მხილებულ შვიდივე პირს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდათ. ყადაღა დაედო მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას, რომელთა საერთო ღირებულება 5 მილიონ ლარს აჭარბებს. "კურიერის" ინფორმაციით, ბრალდებულების მიერ დაფუძნებული ფიქტიური კომპანიების ბრუნვამ, სულ რამდენიმე თვეში, 16 მილიონს გადააჭარბა.
გამოძიების ვერსიით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის გათეთრება საქართველოში დიდი ოდენობით უძრავი ქონებების შეძენის გზით ხდებოდა. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი "კურიერს" უდასტურებს, რომ თავისი დაცვის ქვეშ მყოფი თბილისში უძრავის ქონების ყიდვა-გაყიდვით ნამდვილად იყო დაინტერესებული, თუმცა დანაშაულებრივ სქემასთან შეხება არ ჰქონია. დაკავებულთაგან ერთი ისრაელის მოქალაქე ელზა დავი, იგივე ელზა დავარაშვილია. ისრაელისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა კიდევ ერთი დაკავებული ლევან კობახიძეც.
ისრაელისა და საქართველოს მოქალაქეები ფიგურირებენ ქოლცენტრების საქმის სხვა არაერთ ეპიზოდშიც. ანალოგიურ დანაშაულზე, ცოტა ხნის წინ, გერმანიის მოთხოვნით სომხეთში დააკავეს მიხეილ ბინიამინი, იგივე მიშა ბენიაშვილი, რომელიც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავია და მასთან ერთად ფიგურირებს BBC-ის გახმაურებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში. ქოლცენტრების საქმეზე, 2021 წლიდან დღემდე, საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნა სულ 72 პირის მიმართ დაიწყო.