25 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
მამა, რომელიც არასრულწლოვან შვილზე 2 წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა, გოგონას ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა - მოზარდმა ნაადრევად იმშობიარა - რას ამბობენ სოფელში, სადაც დანაშაული მოხდა

შვილის გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს. დანაშაული დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში მოხდა. 17 წლის მოზარდმა რამდენიმე დღის წინ იმშობიარა. სწორედ კლინიკაში თქვა არასრულწლოვანმა, რომ მასზე მამა 2 წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა. როგორც ირკვევა, მამაკაცი შვილს ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ოჯახის წევრის გაუპატიურების ბრალდებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით დაიწყო. დაკავებულ კაცს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

"კურიერი" იმ სოფელში იმყოფებოდა, სადაც დანაშაული მოხდა და ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენლებს ესაუბრა. როგორც ისინი აცხადებენ, მომხდარის შესახებ რამდენიმე დღის წინ შეიტყვეს. მათივე თქმით, იმ პერიოდში, როდესაც გოგონა სკოლაში დადიოდა, მოზარდზე ძალადობა არ შეუნიშნავთ.

"დღეს შევიტყვე ეს ამბავი და ძალიან განადგურებულები ვართ. არ ვიცი, საშინელი ფაქტია... გასულ წელს დაამთავრა სკოლა. არც სკოლამ და არც რესურსცენტრმა არ იცის არანაირი ინფორმაცია. ბავშვი ძალიან კარგი მოსწავლე იყო, აქტიურად დადიოდა სკოლაში. არც მოსწავლეებს, არც მეგობრებს, არც მასწავლებლებს არაფერი მსგავსი არ შეუნიშნავთ. არც მას არაფერი არ უთქვამს სკოლაში, სწავლის პერიოდში. როგორც ვიცი, სწავლის პერიოდში არაფერი მსგავსი არ ხდებოდა," - აღნიშნეს რესურსსცენტრში.

 

დღის ამბები