25 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
რატომ დატოვეს ასაფეთქებელი ნივთიერების ნაწილი თბილისში? - კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის განმარტება

"კონტრტერორისტულ ცენტრს აქვს შესაბამისი ვერსიები, თუ რა მიზნით დარჩა 3 ასაფეთქებელი მოწყობილობა საქართველოში," - ეს განცხადება "კურიერის" პირდაპირ ეთერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა, ბაჩა მგელაძემ გააკეთა.

მისივე განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და, ამ ეტაპზე, დამატებით ინფორმაციას ვერ გასცემს.

"საქმე გვაქვს ასაფეთქებელ ნივთიერება C4-თან, რომლის მოქმედებაში მოყვანის შემთხვევაში საკმაოდ მძიმე ზიანს მივიღებდით როგორც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ასევე მსხვერპლი იქნებოდა ძალიან დიდი. მე ვისაუბრე 3 ასაფეთქებელ მოწყობილობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რჩებოდა - ეს არის სამი დამოუკიდებელი ასაფეთქებელი მოწყობილობა შესაბამისი სქემით, შესაბამისი დეტონატორით, შესაბამისი გასაღებით. მას ასევე ჰქონდა ტაიმერი და ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულ იქნა, რომ ჩართვის მომენტიდან, დაახლოებით, 2 საათში უნდა აფეთქებულიყო.

კონტრტერორისტულმა ცენტრმა მოახდინა იმ პირის იდენტიფიცირება, რომელიც ორგანიზებას უწევდა საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერებების, მათ შორის, მოწყობილობების შემოტანას, ტრანსპორტირებას, დაბინავებასა და ჩვენი ქვეყნიდან გატანას. ეს არის უკრაინის მოქალაქე ანდრეი შარაშიძე, რომელიც მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა თავის თანამზრახველებთან საქართველოში და აძლევდა სპეციალურ მითითებებს, თუ სად შეენახათ, როგორ მომხდარიყო მისი გადაადგილება და ის იძლეოდა კონკრეტულ დირექტივებს. სწორედ მისი დირექტივის შეცვლის შესაბამისად განხორციელდა ის, რომ ერთი მათგანის საზღვარგარეთ გატანა იგეგმებოდა, ხოლო მეორე მათგანი დარჩა საქართველოში.

კონტრტერორისტულ ცენტრს აქვს შესაბამისი ვერსიები, თუ რა მიზნით დარჩა 3 ასაფეთქებელი მოწყობილობა საქართველოში, თუმცა, ამ ეტაპზე, ჩვენ არ ვისაუბრებთ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს აქტიური ოპერაცია და ფარული საგამოძიებო მოქმედებები. შესაბამისად, პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოებას მომავალში მივაწვდით ინფორმაციას," - განაცხადა ბაჩა მგელაძემ.

დღის ამბები