25 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
"მსხვერპლი იქნებოდა ძალიან დიდი" - რა გზით აღმოჩნდა ასაფეთქებელი მოწყობილობები საქართველოში და რა ზიანის გამოწვევა შეეძლო აფეთქების შემთხვევაში

რა გზით აღმოჩნდა ასაფეთქებელი მოწყობილობები საქართველოში - ამ თემაზე "კურიერის" პირდაპირ ეთერში უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა, ბაჩა მგელაძემ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, უკანონო ტვირთი გამოიგზავნა უკრაინის ქალაქ ოდესიდან, გაიარა რუმინეთი, ბულგარეთისა და თურქეთის ტერიტორია და სახმელეთო გზით მოხვდა საქართველოში.

"ასაფეთქებელი მოწყობილობები კონტეინერის სახით შემოვიდა სახმელეთო საზღვრით საქართველოში. ასაფეთქებელი მოწყობილობები განთავსებული იყო ელექტრომობილის 2 აკუმულატორში. თითო აკუმულატორში მოთავსებული იყო 3 ასაფეთქებელი მოწყობილობა შესაბამისი პლასტიკური ასაფეთქებელი მოწყობილობით, C4-ით, რომლის კუმულატიური მუხტი აღემატება, თუ შევადარებთ, მაგალითად, ტროტილს.

მას შემდგომ, რაც ამ ე.წ. აკუმულატორებმა გადაკვეთეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, ჩვენ მოვახდინეთ მისი ამოღება და ე.წ. მულაჟებით შეცვლა. ამის შემდგომ ანტიტერორისტული ცენტრი სრულად აკონტროლებდა ვითარებას და ჩვენი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობდა მთელი ოპერატიული ღონისძიებები. ჩვენ გავშიფრეთ სრული ქსელი - ვინ იყო საქართველოში მისი გამოგზავნი და თუ რა გზით ჩამოვიდა საქართველოში. როგორც გითხარით, მან რამდენიმე ქვეყანა გამოიარა, ტვირთი გამოიგზავნა ოდესიდან, გამოიარა რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთის ტერიტორია და შემდგომ მოხვდა საქართველოში.

ასევე, ჩვენ დავადგინეთ ის პირები, რომლებიც დახვდნენ ადგილზე ამ აკუმულატორებს, ახდენდნენ გარკვეული პერიოდი მის ტრანსპორტირებას, შემდგომ კი მოხდა მისი დაბინავება. ასევე, იდენტიფიცირებულია ის პირები, რომელთაც უნდა მოეხდინათ მისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა. ასევე, ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია ის ზუსტი ადგილი, სადაც დაბინავებული იქნა ერთი კონტეინერი 3 ასაფეთქებელი მოწყობილობით,"- განაცხადა ბაჩა მგელაძემ.

მისივე თქმით, აფეთქების შემთხვევაში, მოწყობილობებს დიდი ზიანის გამოწვევა შეეძლო. 

"საქმე გვაქვს ასაფეთქებელ ნივთიერება C4-თან, რომლის მოქმედებაში მოყვანის შემთხვევაში საკმაოდ მძიმე ზიანს მივიღებდით როგორც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ასევე მსხვერპლი იქნებოდა ძალიან დიდი. მე ვისაუბრე 3 ასაფეთქებელ მოწყობილობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რჩებოდა - ეს არის სამი დამოუკიდებელი ასაფეთქებელი მოწყობილობა შესაბამისი სქემით, შესაბამისი დეტონატორით, შესაბამისი გასაღებით. მას ასევე ჰქონდა ტაიმერი და ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულ იქნა, რომ ჩართვის მომენტიდან, დაახლოებით, 2 საათში უნდა აფეთქებულიყო," - განაცხადა ბაჩა მგელაძემ.

დღის ამბები