ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კითხვებს გიგა კობალაძე პასუხობს. "საავტორო უფლებათა ასოციაციის" თავმჯდომარე უწყებაში დაიბარეს ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში. მოკვლევა ავტორ-შემსრულებელთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე დაიწყო. გიგა კობალაძეს უწყებაში შესვლამდე მედიის კითხვებისთვის არ უპასუხია. განმარტება გააკეთა მისმა უფლებადამცველმა მალხაზ სალაყაიამ.
"გიგას ერთი ცენტი, თეთრი არ აქვს მითვისებული და არც, მითუმეტეს, გაფლანგული, პირიქით - ზედმეტობით აქვს გადახდილი ყველა ავტორ-შემსრულებლისთვის და, მათ შორის, განმცხადებლებისთვის. ეს არის კოლექტიური პასუხისმგებლობის საზოგადოება. გამგეობის მიერ მინიჭებული აბსოლუტურად ყველა იმ უფლებით სარგებლობდა, რომლის საქმის კურსში თითოეული ავტორ-შემსრულებელი ბრძანდებოდა, მათ შორის, განმცხადებლებიც," - განაცხადა ადვოკატმა.